Aa Aa
24 ივლისი 2019  |  20:47

ლა ლიგის პრეზიდენტი: "დიახ, შესაძლოა გრიზმანის ტრანსფერი დაიბლოკოს"

მადრიდის "ატლეტიკომ" დღეს ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოში საჩივარი ოფიციალურად შეიტანა.

"როხიბლანკომ" "ბარსელონას" უჩივლა და მათ გრიზმანის ტრანსფერში დამატებით 80 მილიონ ევროს სთხოვს.

მადრიდელთა პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამტკიცებს, რომ კატალონიელებმა გრიზმანთან მოლაპარაკებები ზაფხულამდე დაიწყეს და იმ მომენტისთვის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო. ამრიგად, მათ 120 მილიონზე 80-ის დამატება მოუწევთ, ასე მიიჩნევენ "ვანდა მეტროპოლიტანოს" ბინადრები.

"ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ გრიზმანს ისინი მხოლოდ ზაფხულში დაუკავშირდნენ და მადრიდელთა აღშფოთება უადგილოა.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა საჩივრის ოფიციალურად მიღების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა: "დიახ, შესაძლოა გრიზმანის ტრანსფერი დაიბლოკოს. ამას ლა ლიგა გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული. არსებობს შესაბამისი ორგანო და შემუშავებული მექანიზმი, რომელიც ამ საქმეს გადახედავს და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა. "ატლეტიკომ" საჩივარი უკვე შემოიტანა".

თუ, "ბარსას" დანაშაული დაუმტკიცდა გრიზმანი თამაშს იქამდე ვეღარ შეძლებს, სანამ კლუბი მის სანაცვლოდ დამატებით 80 მილიონს არ გადაიხდის. პლუს ამასა, შესაძლოა კატალონიელები დაისაჯონ და ეს საქმე მათ ხსენებულ თანხაზე გაცილებით ძვირი დაუჯდეთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები