''გაბალასთან'' მატჩამდე:''რევანშსა და წარსულზე არ ვფიქრობთ, გამარჯვებას ვგეგმავთ''
Aa
Aa

''გაბალასთან'' მატჩამდე:''რევანშსა და წარსულზე არ ვფიქრობთ, გამარჯვებას ვგეგმავთ''

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის ''დინამო'' სტუმრად აზერბაიჯანულ ''გაბალას'' დაუპირისპირდება. მატჩი 25 ივლისს ''გაბალას'' საშინაო არენაზე გაიმართება.

თბილისის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ''გაბალას'' სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში მედიასთან ისაუბრა.

- რა არის ხვალ თქვენი გუნდის გეგმა?

- საღამო მშვიდობის, ხვალინდელ შეხვედრაში ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, რადგან საპასუხო მატჩი გველოდება და შევეცდებით ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვოთ.

- ტრავმირებულები არიან თუ არა გუნდში?

- ამ მომენტისთვის ტრავმირებულები გუნდში არ არიან.

- ირაკლი აზაროვს რატომ აღარ უწევს თამაში? კონკურენციას ვერ უძლებს?

- აზაროვი კარგი ფეხბურთელია, თუმცა დღეს გუნდში დიდი კონკურენციაა. წინ მთელი სეზონია და მას შეუძლია სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბრძოლა გააგრძელოს.

- რა იქნება ხვალ ''დინამოს'' მთავარი უპირატესობა?

- ''გაბალა'' კარგი გუნდია, უპირატესობებზე საუბარი არ მსურს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, ''გაბალა'' ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა და რთული მატჩი გველის.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა ახალწვეულმა კვამე კარიკარიმ?

- იმედი მაქვს ადაპტაციას სწრაფად გაივლის. ხვალ შეიძლება ''გაბალას'' წინააღმდეგ ითამაშოს.

- რამდენად კარგად მოახერხეთ მეტოქის შესწავლა?

- ალბათ სტანდარტულები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეტოქეს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ინდივიდუალურად კარგად თამაში შეუძლიათ. მათი განეიტრალება მნიშვნელოვანია.

- 2015 წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ''გაბალამ'' ''დინამოს'' აჯობა. რევანშზე ფიქრობთ? როგორ აფასებთ შანსებს?

- თამაშისთვის მზად ვართ, იმედი მაქვს ''დინამო'' თავს კარგად წარმოაჩენს, წარსულზე არ ვფიქრობთ.

- ტრანსფერებზე მუშაობა გრძელდება თუ გუნდი ამ შემადგენლობით დაასრულებს 2019 წლის სეზონს?

- ამ ეტაპზე ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის შემადგენლობით. ტრანსფერებზე ახალს ვერაფერს გეტყვით, რადგან გუნდი კონკრეტულ მატჩზეა ორიენტირებული.

- ესპანური მედიის ცნობით ლევან შენგელია შესაძლოა ესპანური გუნდის ფეხბურთელი გახდეს. რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?

- ლევანზე დიდ იმედებს ვამყარებთ, დარწმუნებული ვარ ხვალინდელ მატჩში მაქსიმუმს გაიღებს. ის გუნდში რჩება, სხვას ვერაფერს გეტყვით.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა თბილისის ''დინამოს'' ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი, რომელმაც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:'' კარგ კონდიციაში ვართ, ახალი ფეხბურთელები დაგვემატნენ, მწვრთნელს აქვს საშუალება კონკრეტულ პოზიციაზე ის ფეხბურთელი შეარჩიოს, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის მზადაა. ის ფაქტი, რომ ''გაბალასთან'' გამარჯვების შემთხვევაში ''ფეიენორდს'' შევხვდებით, ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია არაა.''

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თბილისის ''დინამომ'' ''გაბალას'' სტადიონზე ივარჯიშა.

''გაბალასა'' და თბილისის ''დინამოს'' პირველი დაპირისპირება 25 ივლისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი შემდეგ კვირაში ''დინამო არენაზე'' გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ ''ფეიენორდს'' დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენცია ასევე გამართა ''გაბალას'' მთავარმა მწვრთნელმა სანან გურბანოვმა, რომლის თქმით ''დინამოს'' მხრიდან ლევან შენგელია ყველაზე სახიფათო, ყველაზე საშიში ფეხბურთელია.

სანან გურბანოვი:''თბილისის ''დინამო'' ძლიერი, საკმაოდ სერიოზული გუნდია, მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ვცდილობთ ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული გახდეს. ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის ქართველ ფეხბურთელებს, ვოლკოვი და გიგაური ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.

თბილისის ''დინამოდან'' ჩვენთვის  ყველაზე საშიში ფეხბურთელი ლევან შენგელიაა. ზოგადად ''დინამო'' ძლიერი გუნდია, თუმცა ლევან შენგელიას გამოვარჩევ.''

დიმა შარიქაძე გაბალადან სპეციალურად CrystalSport-ისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები