ჭიაბრიშვილი:''მეტოქე დაბნეული იყო, თუმცა დეტალებში არ გაგვიმართლა''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი:''მეტოქე დაბნეული იყო, თუმცა დეტალებში არ გაგვიმართლა''

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ‘‘საბურთალო’’ ‘‘მესხზე’’ ზაგრების ‘‘დინამოსთან’’ 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ''საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მედიას ესაუბრა.

ჭიაბრიშვილი: ‘‘ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ასეთი დონის გუნდთან გამარჯვებისას დეტალებში უნდა გაგიმართლოს. ეს დეტალია მსაჯობაც, თუმცა მე მსაჯის კომპეტენციას ვერ შევაფასებ, მსაჯზე საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტულია. ჩვენთან შედარებით  ზაგრების ''დინამო'' ბევრად გამოცდილი გუნდია, მეტოქე შანსს ელოდებოდა და ეს შანსი გამოიყენა.

ფაქტობრივად ჩემი გუნდის ფეხბურთელებს დასვენება არ ჰქონიათ. ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა დაღლა ჩემს ფეხბურთელებზე არ იმოქმედებდა, რადგან ძალიან ემოციური წუთები იქნებოდა. რამდენიმე ფეხბურთელი დაიღალა, მათ შეცვლა მთხოვეს.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ზაგრების ‘‘დინამო’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია.''

- ისევე როგორც ''შერიფთან'' საპასუხო მატჩში, ამჯერადაც მხოლოდ ერთი ტაიმი ჩავატარეთ მაღალ დონეზე. რატომ?

- გამოცდილება გვჭირდება. ზოგჯერ ერთ მომენტში მთელ რესურსს ვხარჯავთ, ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აუცილებელია.

- დონის მხრივ რამდენად დიდი განსხვავებაა ხორვატიისა და საქართველოს ჩემპიონებს შორის?

-  ევროპული გრანდების შემდეგ ზაგრების ''დინამოს'' დონის გუნდები მოდიან. ვფიქრობ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტა ერს შეუძლია, თუმცა მეორე მხარეა როგორ ვიყენებთ ნიჭს. პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, ამ თამაშს მოვიგებდით. დღეს გვაკლია რაღაცები, რასაც დრო, მოთმინება და შრომა სჭირდება. დავინახე რომ 10 მილიონის ღირებულების ფეხბურთელებთან ჩემმა მოთამაშეებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმში მეტოქე დაბნეული იყო. 

ასე გვეგონა, რომ ''შერიფთან'' პირველი თამაშის შემდეგ გასულები ვიყავით, მაგრამ ძალიან რთული მეორე მატჩი გამოვიდა. არაფერი დასრულებულა.

- ვინ შეცვლის საპასუხო მატჩში გიორგი კოხრეიძეს?

- საპასუხო მატჩში კოხრეიძე შესაძლოა შინდაგორიძემ შეცვალოს ან გადავეწყოთ და 2 ფორვარდით ვითამაშოთ, გაბედავა გამოვიყენოთ. ვნახოთ, გადაწყვეტილი არ მაქვს როგორ ვითამაშებთ.

გასულ მატჩებში კოხრეიძემ სამი ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მსაჯთან კამათის გამო - არც ერთი. ჩვენ არ ვიცით ევროპელი მსაჯები რაზე გვაძლევენ ყვითელს და რაზე არა. საქართველოში სხვა მსაჯობას ვართ მიჩვეული. კოხრეიძე სამივე თამაშში ბოლომდე იბრძოდა და სამი ყვითელი ორთაბრძოლისას მიიღო. შესაძლოა გამოცდილება დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები