Aa
Aa

ზიდანი: "ბეილი სათამაშოდ მზად არ იყო, რადგან ეს არ სურდა და სათანადო მონდომება არ გამოუჩენია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, გარეტ ბეილის შესახებ საუბრობს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, უელსელი „ბაიერნთან“ მატჩისთვის მზად არ იყო, რადგან ეს არ სურდა და სათანადო მონდომება არ გამოუჩენია.

„ზოგადად, უპატივცემულობას არავის მიმართ არ ვიჩენ, მით უმეტეს - ჩვენი გუნდის ფეხბურთელის. ეს ყოველთვის ჩემი კრედო იყო, არის და იქნება. ფეხბურთელები ყველაზე მნიშვნელოვანები არიან და ნებისმიერ დროს მათ გვერდით ვიქნები. ბეილის მიმართ სხვა არაფერი მითქვამს გარდა იმისა, რომ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა ვთხოვე.

რაც შეეხება მის „ბაიერნთან“ მატჩში განაცხადში არყოფნას, იგი სათამაშოდ მზად არ იყო, რადგან ეს არ სურდა და სათანადო მონდომება არ გამოუჩენია თუნდაც იმისთვის, რომ კლუბში საკუთარი მომავალი უფრო ნათელი გაეხადა და სიტუაცია დაელაგებინა.

იგი კვლავ „რეალის“ მოთამაშეა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მასთან მუშაობით დისკომფორტი არ მაქვს, ამიტომ თუკი ივარჯიშებს, შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა“.

„სამეფო კლუბი“ ამჟამად აზიურ ტურნეში იმყოფება და საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მეორე მატჩისთვის ემზადება. ზიდანის გუნდი 27 ივლისს დედაქალაქურ დერბიში „ატლეტიკოს“ შეხვდება, 30 ივლისს კი უკვე ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები