ნენად ბიელიცა:
Aa
Aa

ნენად ბიელიცა: "წაგების ვარიანტს არ განვიხილავთ"

ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბიელიცამ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და "საბურთალოსთან" მოახლოებული შეხვედრა შეაფასა.

"გასულ რაუნდში "შერიფთან" გამართული ორივე შეხვედრა ვნახე და შეიძლება ითქვას, რომ "საბურთალო" კარგად შეთამაშებული და დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ფლანგებსა და დაცვაში დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. განმეორებითი მატჩის დასაწყისში "საბურთალო" დაიბნა, თუმცა, საერთო ჯამში, შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

თბილისში გარკვეული დანაკლისით ჩამოვედით და ორ მნიშვნელოვან მოთამაშეს ვერ დავიხმართ, გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდთან ერთად არ იმყოფება, რადგან ფიზიკურად მზად არ არიან. გვყავს ახალწვეულებიც, ამიტომ ვნახოთ, როგორ შემადგენლობას შევარჩევ.

ჩვენი გუნდი, როგორც შიდა ჩემპიონატის, ასევე ევროტურნირების, ნებისმიერ მატჩში მოსაგებად თამაშს ცდილობს. შესაბამისად, წაგების ვარიანტი არ განიხილება, უბრალოდ, ვეცდებით, მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ხორვატიაში გამარჯვებულები დავბრუნდეთ". - განაცხადა ბიელიცამ.

47 წლის ბიელიცა ზაგრებელთა მთავარ მწვრთნელად 2018 წლის მაისში დაინიშნა. იგი სხვადასხვა დროს ავსტრიულ გუნდებში: "კარნტერნში", "ლუშტენაუში", "ვოლფსბერგერსა" და "აუსტრიაში" მუშაობდა, ბოლოს კი იტალიურ "სპეციასა" და პოლონურ "ლეხს" წვრთნიდა.

ბიელიცა საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ და სხვა გუნდებთან ერთად, 2 სეზონით - ესპანურ "ბეტისში" და 3 სეზონით გერმანულ "კაიზერსლაუტერნში" უთამაშია, ხორვატიის ნაკრების ღირსება კი 9 შეხვედრაში დაუცავს.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შეხვედრა, 23 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაშზე დასასწრებ ბილეთებს სიმბოლური ფასი აქვს და 1 ლარი ღირს. 

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, არც თბილისში და არც ზაგრებში გასამართ მატჩში ხორვატი გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები