''საბურთალოდან'' ლა ლიგის კლუბში სიმბოლურ თანხად
Aa
Aa

''საბურთალოდან'' ლა ლიგის კლუბში სიმბოლურ თანხად

საქართველოს ჩემპიონ ''საბურთალოს'' აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია გიორგი ქოჩორაშვილის ''ლევანტეში'' ტრანსფერის შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა.

კახა კაშიას თქმით ''საბურთალომ'' ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი კონკრეტული წინადადება ''ლევანტესგან'' მიიღო. მან ასევე განმარტა, რომ ''ჟირონას'' ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, კატალონიური კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის გადასახდელად მზად არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, გასული ორი სეზონი ქოჩორაშვილმა იჯარის წესით ''ჟირონაში'' გაატარა და საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით კლუბს მოთამაშის გამოსყიდვა 250 000 ევროს სანაცვლოდ შეეძლო.

კახა კაშია:''გიორგი ქოჩორაშვილი ''ჟირონაში'' განათხოვრების წესით თამაშობდა, საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით ''ჟირონას'' უფლება ჰქონდა ფეხბურთელი 250 000 ევროს სანაცვლოდ გამოესყიდა, თუმცა საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ''ჟირონას'' ამ თანხის გადახდა არ შეეძლო. კლუბი ლა ლიგიდან გავარდა და კლუბიდან მოგვწერეს, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში განსაზღვრულ თანხას, 250 000 ევროს ვერ გადაიხდიდნენ.

სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ''ჟირონა'' ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 150 000 ევროს იხდიდა. ესპანური კლუბისგან ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია.

ერთადერთი კონკრეტული შეთავაზება ''ლევანტესგან'' მივიღეთ და შეთანხმება შედგა. უნდა აღვნიშნო, რომ ''ლევანტემ'' ტრანსფერში 150 000 ევროზე გაცილებით ნაკლები თანხა გადაიხადა. შეიძლება ითქვას სატრანსფერო თანხა სიმბოლურია. ამიერიდან ქოჩორაშვილი ''ლევანტეს'' საკუთრებაშია. ფეხბურთელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში ''საბურთალო'' გარკვეულ თანხას მიიღებს, ისევე როგორც მოთამაშის შემდეგი ტრანსფერიდან.

გიორგი ქოჩორაშვილის თქმით ესპანურ გარემოს კარგად შეეჩვია და მას კვლავ ესპანეთში თამაში სურდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ''საბურთალოს'' აღზრდილმა ფეხბურთელმა კარიერა ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში გააგრძელოს.

როცა გიორგი ხარაიშვილი ''გიოტებორგში'' გადადიოდა, ის ჩვენი კლუბის და ზოგადად ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თუმცა დავთანხმდით დაბალ სატრანსფერო თანხას, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ფეხბურთელის შემდგომი პროგრესია, რაც ჩვენ საქმით დავამტკიცეთ. სწორედ ამიტომ სატრანსფერო თანხა ნაკლებად მნიშვნელოვანია.''

''ლევანტეს'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავდაპირველად 20 წლის ნახევარმცველი ''ლევანტეს'' სარეზერვო გუნდში ითამაშებს, წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი შესაძლოა პირველ გუნდში დააწინაურონ. ''ლევანტეს'' პირველი გუნდი ლა ლიგაში ასპარეზობს, სარეზერვო გუნდი კი - რანგით მესამე ლიგაში.

ქოჩორაშვილმა გასული ორი სეზონი განათხოვრებით ''ჟირონაში'' გაატარა. გასულ სეზონში ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ''ჟირონას'' სარეზერვო გუნდის რიგებში 28 მატჩი ჩაატარა.

ფოტო: fcsaburtalo.ge, levanteud.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები