ქოჩორაშვილის ტრანსფერი: ''საბურთალო'' და ''ჟირონა'' სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ
Aa
Aa

ქოჩორაშვილის ტრანსფერი: ''საბურთალო'' და ''ჟირონა'' სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანურ ''ლევანტეში'' გააგრძელებს. ''ჟირონას'' ყოფილმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ''საბურთალოს'' აღზრდილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში დაადასტურა.

ქოჩორაშვილი:''სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, პირველ სეზონში ''ლევანტეს'' მეორე გუნდში ვითამაშებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში ''სამეფო თასზე'' თამაში მომიწევს. პირველი სეზონის შემდეგ ხელშეკრულებას ორივე მხარე გადავხედავთ.''

2017-19 წლებში გიორგი ქოჩორაშვილი ''საბურთალოდან'' ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ''ჟირონაში'' ასპარეზობდა. პირველ სეზონში ქართველი მოთამაშე ''ჟირონას'' 19-წლამდე გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი სარეზერვო გუნდში დააწინაურეს, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობს.

ჩაშლილი ტრანსფერი ''ჟირონაში''

CrystalSport-ის ცნობით გასულ ზამთარში ''ჟირონამ'' ''საბურთალოს'' ქოჩორაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. კატალონიური კლუბი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 150 000 ევროს იხდიდა, პლუს შემდეგი ტრანსფერიდან თბილისური გუნდი 25 პროცენტს მიიღებდა, თუმცა თბილისურმა კლუბმა შეთავაზებას უარით უპასუხა. საქართველოს ჩემპიონმა მოთამაშის ტრანსფერში 250 000 ევრო მოითხოვა, პლუს 25 პროცენტი ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან. სატრანსფერო თანხაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ახალგაზრდა ფეხბურთელის ''ჟირონაში'' ტრანსფერი ჩაიშალა.''საბურთალო'' ''ჟირონასგან'' კიდევ 100 000 ევროს დამატებას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ''საბურთალოს'' ფეხბურთელისთვის პირველ გუნდში თამაშის წინადადებით არ მიუმართავს, რის გამოც გასულ თვეში ''ჟირონადან'' წამოსული მოთამაშე ''საბურთალოს'' მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

ჭიაბრიშვილი ქოჩორაშვილის შესახებ

გასულ თვეში ქოჩორაშვილის თაობაზე ''საბურთალოს'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ტელეკომპანია ''იმედთან'' ისაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი:''ქოჩორაშვილი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის განათხოვრებული იყო ესპანეთში.საბოლოო ჯამში გიორგი ესპანურ კლუბში ვერ დარჩა. მან განაცხადა, რომ ''საბურთალოში'' თამაში არ უნდა, რადგან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მისთვის სასურველი ჩემპიონატი არაა. ჩვენ მასთან მუშაობას განვიხილავდით, თუმცა ფეხბურთელი საქართველოში თამაშს არ აპირებს.''

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილს ''საბურთალოს'' პირველ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული. ევროპის 2017 წლის 19 წლამდე ჩემპიონატზე ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც კარიერა ''ჟირონაში'' გააგრძელა.

კატალონიიდან ვალენსიაში

გასული ორი საფეხბურთო სეზონი 20 წლის ფეხბურთელმა ''ჟირონაში'' გაატარა. 2018 წლის ზაფხულში ''ჟირონას'' პირველ გუნდში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტ ''ტოტენჰემთან.'' ''საბურთალოსა'' და ''ჟირონას'' შორის ფინანსურ მხარეზე შეუთანხმებლობის შემდეგ მოთამაშე კატალონიიიდან ვალენსიის მხარეში გაემგზავრა და ''ლევანტესთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ''ჟირონა'' ლა ლიგიდან გავარდა, ''ლევანტემ'' კი ელიტარულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-15 პოზიცია დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი პაკო ლოპესია, რომელიც პოსტს 2018 წლიდან იკავებს.''ლევანტეს'' მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ტევენეტია, რომელსაც ფეხბურთელობისას მადრიდის ''ატლეტიკოში'' უთამაშია, შემდეგ კი ''სევილიას'' პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

''ლევანტეს'' სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ტევენეტი

ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ''საბურთალოს'' აღმასრულებელი დირექტორის, კახა კაშიას კომენტარს ხვალ შემოგთავაზებთ

იხილეთ კახა კაშიას კომენტარი

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები