იაშვილის გაბრწყინება, ერთგულება, დაცემა და აღზევება

სიახლე 13.09.2019
A+ A- 00:12

''სინამდვილეში ბუნდესლიგაში 200 მატჩი ჩავატარე, თუმცა ყველგან 198 წერია, სტატისტიკა ჩასასწორებელია'' - ღიმილით ამბობს ''ფრაიბურგის'' ლეგენდარული ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი და თხრობას გერმანიაში ადაპტაციის პერიოდის გახსენებით აგრძელებს: ''გერმანული ენა სწრაფად ავითვისე, ფინკეს დამსახურებაა. გერმანული ენის მასწავლებელი სტადიონზე მოდიოდა, მწვრთნელის ოთახის გვერდით ვმეცადინეობდით, ფინკე შემოიხედავდა ხოლმე როგორ ვსწავლობდით და მართლა ვსწავლობდით თუ არა. მაშინ პატარები ვიყავით და ხანდახან გვეზარებოდა, მაგრამ ფინკესთვის მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთელებს ერთმანეთში კომუნიკაცია ჰქონოდათ. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ ქვეყანაში, სადაც თამაშობ და ხელფასს გიხდიან, ქვეყნის პატივისცემაა ადგილობრივ ენაზე საუბარი შეგეძლოს.'' 

ალექსანდრე იაშვილის პირველი უცხოური კლუბი ჩრდილოეთ გერმანიის ''ლიუბეკი'' იყო,  19 წლის ასაკში მეორე ბუნდესლიგაში შედეგიანი ასპარეზობის შემდეგ თბილისის ''დინამოში'' დაბრუნდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენის ''ბაიერს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა, შემდეგ კი ფოლკერ ფინკეს მიწვევით კარიერა ''ფრაიბურგში'' გააგრძელა. საერთო ჯამში იაშვილმა ''შვარცვალდზე'' 10 წელი გაატარა.

იხილეთ CrystalSport-ის ინტერვიუ ''ფრაიბურგის'' ლეგენდარულ ფეხბურთელთან.

- პირველად როდის გაჩნდა ''ფრაიბურგის'' მხრიდან ინტერესი?

- 1996 წელს თბილისის ''დინამოში'' ყოფნისას უეფას თასზე ''ბოავიშტას'' შევხვდით. თბილისში მოვიგეთ, თუმცა პორტუგალიაში დავმარცხდით და ტურნირს დავემშვიდობეთ. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა საქართველოდან წასვლა, კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო. მისი თქმით ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მეთამაშა და მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე იყო თანახმა. მაშინ გამოჩნდა ''ლიუბეკის'' ვარიანტი და გადავწყვიტეთ, რომ სეზონის მეორე ნახევარი მეორე ბუნდესლიგაში გამეტარებინა. ''ლიუბეკში'' თამაშისას ''მაინცთან'' შეხვედრას ფოლკერ ფინკე დაესწრო და ამ შეხვედრიდან გამომდინარე ჩემთან მუშაობის სურვილი გაუჩნდა.

საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ''ლიუბეკიდან'' ''დინამოში'' დავბრუნდი და  ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენის ''ბაიერთან'' შეხვედრამდე ''ფრაიბურგის'' მხრიდან კონკრეტული წინადადება მივიღე. ''ბაიერს'' გასვლაზე გავუტანე. სხვათაშორის ეს გოლი ინტერნეტში არ მოიპოვება, სულ მინდოდა ამ გოლის ნახვა. ახლახანს გერმანულ კლუბს მივწერე და იმედი მაქვს გამომიგზავნიან. ლევერკუზენის ''ბაიერის'' შემდეგ ბელარუსული გუნდი დავამარცხეთ. მათთან გამარჯვების შემდეგ გერმანიაში გავფრინდი და ''ფრაიბურგთან'' კონტრაქტს ხელი მოვაწერე.

- ბუნდესლიგაში მეტოქის მხრიდან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი.

- ასეთი ბევრი იყო, ყველაზე სასაცილოს გავიხსენებ, დერბიში ''შტუტგარტს'' ვეთამაშებოდით, მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი ტომას ბერთოლდი,  კრასიმირ ბალაკოვი და ფრედი ბობიჩი თამაშობდნენ. დაბალი ტემპერატურის გამო მოედანი მოყინული იყო, 2:0 მოვიგეთ, მე შევაგდე ორივე გოლი, თამაშის შემდეგ ფრედი ბობიჩი მოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი გამაგებინე როგორი ბუცებით ხარ მოედანზე ფეხი რომ არ გისრიალებს და არაფერი გაცურებსო. გამეცინა. 

  

- შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი დღე ''ფრაიბურგში''?

-  ძალიან კარგად მახსოვს. სტადიონზე ტორბენ ჰოფმანი და იიორნ შვინკედორფი დამხვდნენ, რომლებიც ''ლიუბეკში'' ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. ჩემთან ერთად ისინიც გადავიდნენ ''ფრაიბურგში.'' მათ ფინკემ თხოვა, რომ დამხვედროდნენ და ჩემთვის ადაპტაციის პროცესი გაეადვილებინათ. ''ფრაიბურგში'' ჩემი პირველი ვარჯიში ფინკეს არ ჩაუტარებია, სხვა ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად იყო წასული.

- თამაშობდით საქართველოში და შემდეგ წახვედით გერმანიაში. თქვენს სპორტულ რეჟიმში რა შეიცვალა? რა სიახლე შემოვიდა?

- საქართველოდან წასვლისას 18 წლის ვიყავი. პირველად გავიგე რას ნიშნავდა სწორი კვება, გარკვეულ საჭმელსა და სასმელზე უარის თქმა,  ფეხბურთელისთვის სწორი კვება აუცილებელია, მაგრამ 1997 წელს ჩვენთვის სიახლე იყო. მთავარი სიახლე ეს იყო თუ არ ჩავთვლით იმ საფეხბურთო სტანდარტებს, რაც მაშინ იყო გერმანიაში და არ იყო საქართველოში.

- 90-იან წლებში უცხოელმა ჟურნალისტმა ევროპაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების შესახებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ერთი ლიუბეკელი სტუდენტი შემდეგს ამბობდა: ‘’იაშვილის დონის ფეხბურთელი ''ლიუბეკისთვის'' უზომოდ დიდი ფუფუნებაა. იაშვილი უცნობი საქართველოდან რომ არ იყოს ახლა უკვე ''ბაიერნში'' ან დორტმუნდის ''ბორუსიაში'' ითამაშებდა.’’ უცნობი საქართველოს ფაქტორი რეალურად არსებობდა? 

-  არ ვიცი, ვერ გეტყვი, რთული სათქმელია. შეიძლება არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ დღეს უფრო თვალშისაცემია, რადგან სამხრეთამერიკელებზე რომ არაფერი ვთქვა, ხორვატ და სერბ ფეხბურთელებს ქართველებთან მიმართებაში უპირატესობა აქვთ. სატრანსფერო ბაზარზე თანაბარი დონის ხორვატსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ხორვატი უფრო ძვირადღირებულია. ანალოგიურადაა სერბსა და ქართველს შორის.

- როგორი იყო თქვენი განცდები და ემოციები, როცა 1998 წლის 15 აგვისტოს ბუნდესლიგის სადებიუტო შეხვედრაში  კლაუს ტოპმიოლერის ''ბოხუმს'' გამარჯვების გოლი გაუტანეთ?

- საოცარი, დაუვიწყარი...  ხშირად ვიხსენებ 1990 წლის მუნდიალის ფინალს,  წყნეთში ოჯახთან ერთად მათეუსის, ბრემეს, კლინსმანის, ჰესლერის თამაშს ვუყურებდი. მაშინ 13 წლის ვიყავი და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ წლების შემდეგ მათ წინააღმდეგ ვითამაშებდი. ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს მიზნები და ამ მიზნებისთვის იბრძოდე. მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სიამოვნებისა და სიამაყის წარმოუდგენელი შეგრძნებაა.

 

 - შეგვიძლია თუ არა რომ ფოლკერ ფინკეს მუშაობა გერმანული ფეხბურთის განვითარების ჭრილში განვიხილოთ? 

- ფინკემ წლებით გაასწრო თანამედროვე ფეხბურთს. როცა ''ფრაიბურგი''  ნომინალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა, გერმანელი ჟურნალისტები წერდნენ: როგორ შეიძლება ცენტფორვარდის გარეშე თამაში ? ფინკე თამაშის მიმდინარეობისას ხშირად ცვლიდა ტაქტიკას, გუნდი 3 მცველიდან 4 მცველზე გადადიოდა და ყოველთვის აქცენტს პრესინგით თამაშზე აკეთებდა. მაშინ ეს უცნაური იყო, ბევრს უკვირდა. 

ახლახანს ''ფრაიბურგზე'' წიგნი გამოიცა, რომელშიც აღწერილია თუ როგორ მიაღწია გუნდმა პირველ წარმატებას. 1993 წელს ''ფრაიბურგი'' უეფას თასზე პირველად გავიდა. წიგნის კითხვისას წარმოუდგენლად მიგაჩნია როგორ ფიქრობდა ფინკე 90-იანი წლების დასაწყისში. მაშინ იშვიათობა იყო, დღეს კი ასე ძალიან ბევრი მწვრთნელი ფიქრობს. ფოლკერ ფინკემ შეცვალა გერმანული ფეხბურთი. 

როცა ფინკე მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ''ფრაიბურგი'' გერმანიაში ერთ-ერთი პირველი კლუბი იყო, რომელმაც თავისი აკადემია ააშენა, სადაც ძალიან ბევრი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი გაიზარდა. ფეხბურთელები, რომლებიც ''ფრაიბურგიდან'' წამოვიდნენ, დღეს ბუნდესლიგის წამყვან კლუბებში თამაშობენ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფინკე გერმანულ ფეხბურთში ძალიან გამორჩეული მწვრთნელი და ძალიან გამორჩეული ფიგურა იყო.

 

- თვისება, რომელიც ევროპაში ცხოვრების პერიოდში შეიძინეთ.

- პიროვნულ განვითარებაში გერმანულ ფეხბურთში გატარებულმა პერიოდმა დიდი როლი შეასრულა. უპირველესად ვგულისხმობ მიზანდასახულობასა და საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას. ასევე, თავის დამკვიდრება სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურაში, სადაც 18 წელი ვითამაშე. თამაშების რაოდენობის მხრივ ძალიან ცოტა ლეგიონერია, ვინც მეტი შეხვედრა ჩაატარა ვიდრე მე ან კობიაშვილმა. ეს ყველაფერი შრომის ფასია. რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა მიზანი და ოცნება, რომ ფეხბურთი მეთამაშა, რაც არ ნიშნავს რომ კმაყოფილი ვარ. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ მთლიანობაში საამაყოა უმაღლესი დონის ჩემპიონატში თამაში. მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება.

- 1998 წელს ''ფრაიბურგი'' ბუნდესლიგაში დაბრუნდა, თქვენს კარიერაში ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონის პირველ 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანეთ, თუმცა შემდეგ ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვეთ. დეპრესიული პერიოდი გქონდათ?

- დეპრესიული პერიოდი არ მქონია, პატარა ვიყავი და რეალურად ვერ ვაფასებდი თუ რამდენად მძიმე ტრავმა მივიღე, გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ ტრავმის მიღებამდე ''ბაიერნიდან'' მქონდა შემოთავაზება, თუმცა ტრავმის გამო 7 თვე ვერ ვითამაშე, შემდეგ სეზონში კი ტრავმების გამო პაუზები მქონდა, მაგრამ დეპრესიული პერიოდი არასდროს მქონია. ტრავმის გამო თბილისში ერთი წელი არ ჩამოვედი, მინდოდა გერმანიაში კარგად გამევლო სარეაბილიტაციო კურსი. ფინკე გაოცებული იყო, როცა გაიგო, რომ დასვენების პერიოდში საქართველოში არ წამოვედი, ასეთი რამ არ მინახავსო, რატომ არ წახვედი საქართველოშიო, მაგრამ ერთადერთი მიზანი მქონდა, მოედანზე დაბრუნება მსურდა, ამიტომაც მოვიქეცი ასე.

- თქვენს კარიერას კრიტიკული კუთხით შევხედოთ, თქვენთვის ''ფრაიბურგი'' რატომ არ გამოვიდა ტრამპლინი და რატომ ვერ გადახვედით უფრო ძლიერ გუნდში, რომელსაც უფრო დიდი მიზნები ექნებოდა?

- ასეთი შანსი ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ფინკე ყოველთვის ახერხებდა ჩემს გადარწმუნებას. როცა ზაფხულში კლუბთან ხელშეკრულება იწურებოდა ხოლმე, ფინკესთან ოთახში შევდიოდი და ვეუბნებოდი: ''მივდივარ, კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ.'' გამოვდიოდი და ხელშეკრულება გაგრძელებული მქონდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ აზრს გუნდიდან წასვლის შესახებ ყოველთვის მაცვლევინებდა. ბევრჯერ შემეძლო ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლა, მაგრამ ფინკეს ოთახიდან გამოსვლის შემდეგ კონტრაქტი ფაქტობრივად გაგრძელებული იყო.

- 2000-01 წლების სეზონში ''ფრაიბურგმა'' ბუნდესლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, უეფას თასზე გავიდა და ბუნდესლიგაში წააგო იმდენივე თამაში, რამდენიც ჩემპიონმა ''ბაიერნმა.'' დაგეგმილი იყო ეს შედეგი თუ სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდა მაღალი პოზიციის დაკავების რეალური შანსი?

- ასეთ შედეგს სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ არავინ ელოდა. პირველ წრეში დაახლოებით 20 ქულა მოვაგროვეთ, თუმცა სეზონის მეორე ნახევარი საოცრად დავიწყეთ, მოვუგეთ ''აინტრახტს,'' ლევერკუზენის ''ბაიერს,'' ''ჰერტას,'' ასევე საკუთარ მოედანზე ''ვოლფსბურგი'' 4:1 დავამარცხეთ. მეორე წრე ძალიან მაგარი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე მხოლოდ 2 ქულა დაგვაკლდა.

ძალიან გამორჩეული სეზონი გამოვიდა, უეფას თასზე თამაშის საგზური მოვიპოვეთ, სადაც მოქმედ გამარჯვებულ ''ფეიენორდს'' შევხვდით, სახლში ''შვარცვალდზე'' 2:0-ს ვიგებდით, ფაქტობრივად გასულები ვიყავით, შემდეგ ეტაპზე თამაში ძალიან მინდოდა, რადგან გლაზგოს ''რეინჯერსს'' ვხვდებოდით, შოთა არველაძის გუნდს, თუმცა ვან ჰოიდონკმა 31 მეტრიდან ჯარიმა გაგვიტანა, რაც იმ სეზონში არაერთხელ მოახერხა. სამწუხაროდ გათამაშებას დავემშვიდობეთ და ''რეინჯერსთან'' თამაში არ შედგა.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება ''ფრაიბურგში'' გატარებული პერიოდიდან?

- ''ფრაიბურგში'' ძალიან დიდი ხანი ვიყავი, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებაა. ასე იყო თბილისის ''დინამოშიც,'' როცა პირველივე შეხვედრაში გოლი გავიტანე და ასე იყო ბუნდესლიგაში, როცა პირველივე მატჩში შევაგდე. ვფიქრობ პირველი თამაში და პირველი გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ოცნებისა და ახალი ეტაპის დასაწყისია. ახალი ეტაპის წარმატებით დაწყება ძალიან სასიხარულოა.

- მარცხის შემდეგ სტრესიდან როგორ გამოდიოდით?

- მარცხს დღემდე ძალიან განვიცდი. მეგობრებთან მარცხიც ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს, ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვფიქრობ ეს აუცილებელია, რადგან ფეხბურთელი შინაგანად მარცხს არ უნდა შეეგუოს.მატჩის შემდეგ ვცდილობდი კარგად დამეძინა, მეორე დღეს იწყებოდა ანალიზი გუნდმა რა გააკეთა არასწორად და კონკრეტულმა ფეხბურთელმა რა შეცდომები დაუშვა. შემდეგ კვირაში შეცდომების გამოსწორების შანსი მოედანზე გეძლევა.

 - თქვენს კარიერაში ყველაზე სკანდალური მატჩი ''ბაიერნთან'' იყო, როცა ''ფრაიბურგის'' ქომაგმა კანს გოლფის ბურთი გაარტყა. დაძაბულობა, რომელიც მოედანზე იყო, თამაშის დასრულების შემდეგ გაგრძელდა თუ მინდორზე დასრულდა?

- არ გაგრძელებულა. ეს მატჩი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ვნახე, კანმა ამიღო ორი საოცარი დარტყმა, დარწმუნებული ვარ სხვა მეკარე ვერ ამიღებდა. წარმოუდგენელი თამაში იყო. მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს ვჯობდით, წინ ვიყავით, კობიაშვილმა ''ბაიერნს'' საოცარი გოლი გაუტანა. 

ძალიან კარგი თამაში იყო, მაგრად ვუტევდით, ოლივერ კანი საოცრად თამაშობდა. ზუსტად 1:1-ზე პაულო სერჟიო არც წაქცეულა, მსაჯმა ისე დანიშნა თერთმეტმეტრიანი. ''ბაიერნმა'' პენალტით მოიგო და ამ ეპიზოდმა ტრიბუნებზე ვითარება დაძაბა, რასაც მოყვა ის ცუდი ფაქტი, როცა ერთ-ერთმა ქომაგმა კანს გოლფის ბურთი გაარტყა.  გაგიჟებულ ოლივერ კანს ვერავინ აჩერებდა. ქომაგს სტადიონზე შესვლა აუკრძალეს, ხოლო ''ფრაიბურგი'' ფინანსურად დასაჯეს.

 

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ოლივერ კანი დაასახელეს, რომელიც იმდენად გაბრაზებული იყო, რომ შეხვედრის დასრულების  შემდეგ პრიზის მისაღებად მოედანზე არ გამოვიდა. ისეთი თამაში იყო, რომ დღემდე ყველას ახსოვს გერმანიაში. სასიამოვნოა, როცა ამ დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში გიწევს.

ზოგადად ''ბაიერნთან'' გამართული შეხვედრებიდან ბევრი რამ მახსენდება, მიუნხენური გუნდის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, თუმცა მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა მოვიგეთ. ყოველ მატჩში თანაბარი თამაში იყო ხოლმე, თუმცა ხან 0:1-ს ვაგებდით, ხან 1:2-ს, სულ დაძაბული შეხვედრები გამოდიოდა. 

- თქვენი შესრულებით საუკეთესო საგოლე პასი ''ფრაიბურგში'' თამაშის პერიოდში?

- ერთს ვერ გამოვარჩევ. საბედნიეროდ ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთე, რაც იგივე სიამოვნებას მანიჭებდა, როგორც გოლის გატანა.

- 2001-02 წლების სეზონში, როცა უეფას თასზე თამაშობდით, ''ფრაიბურგი'' ბუნდესლიგიდან გავარდა. ჩავარდნა რამ განაპირობა?

- ასეთი რამ ''ფრაიბურგს'' ბევრჯერ მოუვიდა, რაც მცირებიუჯეტიანი კლუბებისთვისაა დამახასიათებელი. როცა ბევრი თანაბარი დონის ფეხბურთელი არ გყავს, რთულ ვითარებაში ხარ და პრობლემები გექმნება. მოთამაშეებს ბუნდესლიგის, თასისა და უეფას თასზე ასპარეზობის პარალელურად სანაკრებო მატჩების ჩატარებაც უწევთ. 

ფინანსურად ძლიერ კლუბებს ორი შემადგენლობა ჰყავთ, ჩვენ კი ფაქტობრივად სეზონის ჩატარება 16 ფეხბურთელით გვიწევდა. მოთამაშეები ვერ ვახდენდით ენერგიის დროულად აღდგენას. ასეთ დროს ფეხბურთელებს პრობლემები ექმნებათ, რაც დაღლილობასა და ტრავმებში გამოიხატება. ამ სეზონში სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩში მყესი გავიწყვიტე, რის გამოც ექვსი კვირა ვერ ვითამაშე და ''ფრაიბურგს'' ვერ დავეხმარე. ანალოგიური მიზეზით ''ფრაიბურგს'' კიდევ რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა, მათ შორის ტუნესილი ადემ სელიმი და მეკარე რიხარდ გოლცი, თუმცა დაძაბულობა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და ჩვენი ბედი ბოლო ტურში გადაწყდა.

ასეთი რამ დაბალბიუჯეტიან გერმანულ კლუბებს ბევრჯერ მოუვიდათ, როცა ბუნდესლიგაში თამაშის პარალელურად ევროტურნირებზე გამოდიოდნენ და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნენ. აქედან გამომდინარე ფინანსებზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

- ყველაზე მეტად რომელ ჩაშლილ ტრანსფერზე გწყდებათ გული?

-1998 წელს, როცა ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონს ვატარებდი, ''ბაიერნი'' მიწვევდა, მაგრამ მძიმე ტრავმა მივიღე. 2004 წელს, როცა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, ''შალკედან'' მქონდა შემოთავაზება. 2007 წელს გერმანიის ჩემპიონ ''შტუტგარტს'' უარით ვუპასუხე. ასევე იყო წინადადება ''ვოლფსბურგიდან,'' თუმცა ფინკეს ''დამსახურებით'' არ წავედი.

რალფ რანგნიკს არ დავუჯერე, როცა მეუბნებოდა, რომ ''ჰოფენჰაიმი'' ძალიან მალე მაღალი დონის გუნდი გახდებაო. ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებას იღებ, შესაძლოა ინანო, მაგრამ ცხოვრებას აგრძელებ. ჩემი კარიერით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ბევრი რამის გაკეთება შევძელი.

ყოველთვის შეიძლება მეტს მიაღწიო, მეტი გააკეთო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დამასახელეს, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არშემდგარ ტრანსფერზე დიდი ტკივილია ის, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, ოცნება ვერ ავისრულე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

-  We go down, we go up, we go into the Uefa Cup! გასული საუკუნის 90-იან წლებში ''ფრაიბურგის'' ქომაგთა მიერ შექმნილი სიმღერა კარგად აღწერს კლუბის ისტორიას, როცა თქვენ გუნდის წევრი იყავით. ''ფრაიბურგი'' ბუნდესლიგიდან გავარდნის მიუხედავად ელიტარულ ლიგაში დაბრუნებას ახერხებდა, თუმცა კლუბი ამით არ კმაყოფილდებოდა და რამდენჯერმე უეფას თასის საგზურიც მოიპოვა. რთულ პერიოდში ''ფრაიბურგის'' ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულება როგორი იყო? ქომაგთა მხრიდან კრიზისის დროს კრიტიკას უფრო მეტად გრძნობდით თუ თანადგომას?

- თანადგომას. ამ მხრივაც გამოირჩეოდა ''ფრაიბურგი'' და დღემდე გამოირჩევა. სხვა ქალაქში ვერ ნახავთ, რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდეს და ქომაგები გუნდს ისევ ისე უჭერდნენ მხარს. როცა ბუნდესლიგიდან ვვარდებოდით, ქომაგები იგივე შეძახილებით გვამხნევებდნენ. ამასთან დაკავშირებით გერმანელებს გამოთქმაც აქვთ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ''ფრაიბურგში'' ხდება. მაგალითად კოვაჩის მწვრთნელობისას ''ბაიერნმა'' ბუნდესლიგა მოიგო, თუმცა მისი მუშაობით კმაყოფილები არ არიან. 

ოტმარ ჰიცფელდს ჰკითხეს თუ ვინ არის ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელიო, მან კი თქვა, რომ ყოველ წელს ''ფრაიბურგის'' მთავარ მწვრთნელს, კრისტიან შტრაიხს დავასახელებ თუ მისი გუნდი ბუნდესლიგიდან არ გავარდებაო. ''ფრაიბურგს'' ძალიან აფასებენ, რადგან არ გადაუხვევია იმ გზისთვის, რომელიც ფოლკერ ფინკემ აირჩია. ''ფრაიბურგი'' პრინციპების ერთგული, ყველასთვის მისაბაძი გუნდია.

ფოლკერ ფინკეს მაგალითი იდეალურია, მან კლუბში 16 წელი გაატარა, გუნდი ბუნდესლიგიდან სამჯერ გავარდა, თუმცა სამივეჯერ დააბრუნა. ასეა ამჟამადაც, როცა გუნდში კრისტიან შტრაიხი მუშაობს. ''ფრაიბურგში'' მწვრთნელს ენდობიან იმის მიუხედავად თუ სად თამაშობს გუნდი, რაც ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი მოვლენაა.

''ფრაიბურგიდან'' ''კარლსრუეში'' წავედი, სადაც საოცარი გულშემატკივრები დამხვდნენ, მაგრამ კრიტიკულ დროს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ზოგჯერ გუნდი გასახდელიდან ვერ გამოდიოდა, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ გუნდს მთელი ღამე გასახდელში გაუტარებია, რადგან გარეთ ვერ გავდიოდით.

View this post on Instagram

Die Legende von SC Freiburg und ich #Interview #Iashvili #bundesliga #scfreiburg #volkerfinke

A post shared by Dima Shariqadze (@dshariqadze) on May 28, 2019 at 10:34am PDT

მოამზადა დიმა შარიქაძემ

ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა და 91-ე ადგილზეა. მიმდინარე თვეში ვლადიმი...

საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს ''სამგურალის'' მთავარ მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დაინიშნა. 30 წლის მწვრთნელმა იმერულ კლუბთან კონტრაქტი  2 წლითა და 4 თვი...

ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. რიოს განცხადებით, ბელგიელი &bd...

ზინედინ ზიდანის „რეალს“ რთული პერიოდი უდგას და ეს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ...

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. „რეკორდმაისტერმა“ საკუთარ კედლებში...

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური „ბარსელონასთვის“ საკმაოდ რთული, მაგრამ იღბლიანი გამოდგა. ვალვერდეს გუნდმა საშინლად ითამაშა, მაგრამ ტერ შტეგენ...

კრიშტიანუ რონალდუმ ITV-ისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ძალიან ბევრ საინტერესო თემასაც შეეხო. ხსენებული ინტერვიუ ნაწილ-ნაწილ ინტერნეტსივრცეში ყოველდღიუ...

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ფერნანდო რიქსენი, 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ დღეს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიქსენს ამიოტრუფული გვერდითი სკლეროზი 2013 წელ...

კრიშტიანუ რონალდუმ ITV-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ევროპულ პრესაში ნაწილ-ნაწილ ვრცელდება. პორტუგალიელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მათ შორის ი...

დღეს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ნაზარიო, იგივე „ფენომენი“ 43 წლის გახდა. ესპანურმა გამოცემა AS-მა „კიჭას“ მიერ...

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ჩავიმ, პრესასთან საუბრისას ბევრისთვის გასაკვირი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მესისა და რონალდუს შემდგომ ეპოქ...

ხუან რომან რიკელმემ საკუთარი გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღი დაასახელა და განაცხადა, რომ შეხვედრა 12 დეკემბერს, „ბოკა ხუნიორსის“ საშინაო ...

ავსტრიული „ზალცბურგის“ 19 წლის თავდამსხმელი, ერლინგ ბრაუტ ჰალანდი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. უეინ რუნის 2004 წლის მიღწევის შემდეგ ...

იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რომელმაც რომელუ ლუკაკუს შესახებ რასისტული განცხადება გააკეთა დუმილი დაარღვია. ცოტა ხნის წინ ლუჩიანო პასირანიმ TopCalc...

ფრენკ ლამპარდის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება საშინლად დაიწყო. „არისტოკრატებმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“...

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავს, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე „ოქროს ბურთის“ მოგება სურს. პორტ...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. ''ანორთოსისის'' ქართველმა შემტევმა ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო ''პარა...

ბუნდესლიგის გასულ ტურში ''ლაიფციგთან'' შეხვედრის დაწყებამდე მოთელვისას ''ბაიერნის'' ავსტრიელმა მცველმა დავიდ ალაბამ ტრავმა მიიღო. მიუნხენელთა მთავარმა...

რეკომენდებული სიახლეები
ტოკიოში მიმდინარე "აკი ბაშოს" რიგით მე-11 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა სეკივაკე ტაკაკეიშოსთან გამართა.  იაპონელი რიკიში ბოლო დროს მშვენ...
18.09.2019
ქართული რაგბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალად... საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი და სარაგბო კლუბ „იუნკერების“ წევრი ...
18.09.2019
დღეს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ნაზარიო, იგივე „ფენომენი“ 43 წლის გახდა. ესპანურმა გამოცემა AS-მა „კიჭას“ მიერ...
18.09.2019
კრიშტიანუ რონალდუმ ITV-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ევროპულ პრესაში ნაწილ-ნაწილ ვრცელდება. პორტუგალიელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მათ შორის ი...
18.09.2019
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური „ბარსელონასთვის“ საკმაოდ რთული, მაგრამ იღბლიანი გამოდგა. ვალვერდეს გუნდმა საშინლად ითამაშა, მაგრამ ტერ შტეგენ...
18.09.2019
იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 22 სექტემბერს აიღებს, ხოლო საქართველოს ნაკრები გათამაშებაში 23 სექტემბრიდან ჩაებმება. „ბორჯღალოსნები&...
19.09.2019
ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავს, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე „ოქროს ბურთის“ მოგება სურს. პორტ...
18.09.2019
ახალაგაზრდა ქართველი მრბოლელი სანდრო თავართქილაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფომაციას ავრცელებს. მისი თქმით არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერის გამო &...
18.09.2019
„აკი ბაშოს“ მე-12 დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით უშანსოდ დამარცხდა. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ ლე...
19.09.2019
ბორჯღალოსნებმა ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმას ბანაკი დატოვეს და ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას გა...
18.09.2019
ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ფერნანდო რიქსენი, 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ დღეს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიქსენს ამიოტრუფული გვერდითი სკლეროზი 2013 წელ...
18.09.2019
უკანასკნელი სიახლეები