Aa
Aa

ჭიაბრიშვილი:''მაპატიეთ...ქომაგი სხვა თამაშს ელოდა...''

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალომ'' მოლდოვური ''შერიფის'' ბარიერი დაძლია. სტუმრად საქართველოს ჩემპიონმა ''შერიფს'' სამი უპასუხო გოლი გაუტანა, თუმცა საშინაო შეხვედრის საწყის 10 წუთში 3 გოლი გაუშვა. ''მიხეილ მესხზე'' საპასუხო მატჩის მეორე ტაიმში ლუკა ლაკვეხელიანის შესანიშნავი გადაცემა ოგნიენ როლოვიჩის გოლით დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ''საბურთალო'' გავიდა. ორი მატჩის ჯამში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 4:3 გაიმარჯვა. საქართველოს ჩემპიონი მეორე ეტაპზე ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების ''დინამოს'' შეხვდება.

''შერიფთან'' მატჩის შემდეგ ''საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელი ქართულ მედიას ესაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: ''ქვეცნობიერად ფეხბურთელებს ეგონათ, რომ შემდეგ ეტაპზე გასულები იყვნენ. მაპატიეთ, სხვანაირი თამაში უნდა გენახათ. ქომაგი იმ თამაშს ელოდა, რაც ტირასპოლში ვაჩვენეთ.

შესვენებაზე გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თავის თამაში უნდა ეთამაშათ. ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იყო, რომ მათ შეეძლოთ ისე ეთამაშათ, როგორც ტირასპოლში. გასახდელში საუბრის შემდეგ დაწყნარდნენ, დამშვიდნენ და მეორე მატჩში კარგად ითამაშეს.

ფსიქოლოგიური კუთხით კარგად ვერ მოვემზადეთ. ჩვენი ჩემპიონატი მოლდოვის ჩემპიონატზე მაღალი დონისაა, თუმცა მეტოქეს ფინანსურად ჩვენზე დიდი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელებით მეტოქეს ვაჯობეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ზოგადად ფეხბურთელებს არ აქვთ ბევრი თავისუფალი დრო და თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახებთან ერთად ატარებენ, თუმცა არც ბუნებაში გასვლასა და თავისუფალი დროის ერთად გატარებაზე ვამბობთ უარს, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი მატჩისთვის ფსიქოლოგიურად კარგად ვერ მოვემზადეთ.

''შერიფის'' ფორვარდის, ლეონარდოს ჩამოყვანა მეც მსურდა, თუმცა ფინანსური კუთხით ''შერიფთან'' კონკურენციაში ვერ შევედით. ჩვენი აღზრდილებით შეგვიძლია ლეგიონერებით დაკომპლექტებულ და ფინანსური კუთხით გაცილებით ძლიერ გუნდს ვაჯობოთ.

''საბურთალოსთვის'' ევროპულ ასპარეზზე სადებიუტო დაპირისპირება იყო, დიდი მადლობა ფეხბურთელებს.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, როცა საქართველო ისეთივე ძლიერი ქვეყანა გახდება, როგორიცაა ხორვატია, მაშინ მათ დამარცხებას შევძლებთ, მაგრამ ამ რეალობაში ძალიან რთული დაამარცხო იმ ქვეყნის ჩემპიონი, რომლის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მიუხედავად ამისა მაქსიმუმს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.ზაგრების  ''დინამო'' სხვა განზომილებაა. მაქსიმალურად ვეცდებით ეს ბარიერი დავძლიოთ, მაგრამ ხორვატული ფეხბურთი გაცილებით წინაა.

 ჩემი ფეხბურთელები ამ სტილის თამაშს ბავშვობიდან ეჩვევიან, ჩვენ აქცენტს ყოველთვის შეტევაზე ვაკეთებთ, დაცვითი სტილის ფეხბურთი არ მომწონს.

ზაგრების ''დინამოს'' თამაშს განვიხილავთ და მეტოქის შესახებ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ.''

ფოტო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები