Aa
Aa

4 გოლიანი დრამა ვაკეში! "საბურთალომ" დანის პირზე გაიარა და მომდევნო ეტაპზეა!

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალომ" განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივრები ძალიან ანერვიულა.

თბილისელებმა საწყის 10 წუთში "შერიფისგან" 3 გოლი გაუშვეს და ტირასპოლში მოპოვებული უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა.

პირველ ნახევარში ჭიაბრიშვილის გუნდმა რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხა და ტაიმი 0:3 დათმო.

მეორე ნახევარში "საბურთალომ" თავისი თამაშის ჩვენება დაიწყო და მეტოქე საჯარიმოს მიაჯაჭვა. 59-ე წუთზე მარცხება ფლანგიდან ლაკვეხელიანმა საჯარიმოში სახიფათოდ ჩაჰკიდა, მცველებმა პოზიცია სწორად ვერ შეარჩიეს, სამაგიეროდ ტრადიციულად ზუსტი იყო როლოვიჩი, რომელმაც "შერიფის" კარი დალაშქრა და ორი მატჩის ჯამში "საბურთალო" 4:3 დააწინაურა.

72-ე წუთზე პალჩიჩმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოხრეიძე კონტრშეტევის წამოწყებისას უხეშად მოცელა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. "შერიფი" მოედანზე 10 კაცით დარჩა.

"საბურთალოს" გატანა კიდევ მართებდა, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შეძლო და დაძაბულობა შეხვედრის ბოლო წუთამდე გაგრძელდა, საბოლოოდ თბილისური კლუბი მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" პირველ მატჩს თბილისში 23 ივლისს ჩაატარებს, განმეორებითს კი 30-ში ზაგრებში. აღსანიშნავია, რომ ზაგრებში შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების თანდასწრებით ჩატარდება, რაც ჭიაბრიშვილის გუნდს ზედმეტ წნეხს მოუხსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები