''შერიფის'' მწვრთნელი:''''საბურთალოსგან'' ასეთ თამაშს არ ველოდი...კოხრეიძე ბრწყინვალე იყო''
Aa
Aa

''შერიფის'' მწვრთნელი:''''საბურთალოსგან'' ასეთ თამაშს არ ველოდი...კოხრეიძე ბრწყინვალე იყო''

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''საბურთალო'' შინ მოლდოვურ ''შერიფთან'' 1:3 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ''საბურთალომ'' 4:3 გაიმარჯვა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ზაგრების ''დინამოს'' შეხვდება.

მატჩის შემდეგ ''შერიფის'' მთავარი მწვრთნელი ზორან ზეკიჩი ქართულ მედიას ესაუბრა:''საბურთალოს'' დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ასევე მივულოცავ კარგ თამაშს ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც პირველ შეხვედრაში შესაძლებლობების 50 პროცენტი, რომ გამოევლინათ, შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ.

მეტოქის ფეხბურთელთაგან გიორგი კოხრეიძეს გამოვარჩევ, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა.''

- კოხრეიძის მისამართით თქვენი ფეხბურთელები ძალიან უხეშად თამაშობდნენ. ეს ტაქტიკური დავალება იყო?

- არა. კოხრეიძე სწრაფი მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის პრინციპებს აკმყოფილებს.

- რა დააკლდა ''შერიფს'' შემდეგ ეტაპზე გასასვლელად?

- ''საბურთალოს'' ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. მათ სისწრაფის ხარჯზე გვაჯობეს, მათ სისწრაფეებთან გამკლავება გვიჭირდა, თუმცა პირველ მატჩთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. ძირითადი გუნდის ბევრი მოთამაშე ''შერიფს'' 20 დღეა შეუერთდა. 

- რამდენად ელოდით, რომ მატჩის დასაწყისში სამ გოლს გაიტანდით?

- პირველი თამაშის შემდეგ ''საბურთალოს'' ფეხბურთელებს ეგონათ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ეს ადამიანური თვისებაა და შესაძლოა ჩემს გუნდსაც იგივე მოსვლოდა. მთავარია ფეხბურთელებს ჰქონდეთ მენტალიტეტი, რომ ყოველი თამაშისთვის მობილიზებულნი იყვნენ. 

ასე იყო პირველ მატჩშიც, არ გვეგონა, რომ ''საბურთალო'' ასე მაღალ დონეზე ითამაშებდა და პირველ თამაშში დავისაჯეთ. მატჩის შემდეგ გიორგი კოხრეიძესთან მივედი და შევაქე, თუ ასე გააგრძელებს მაღალ დონეზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები