მონჩი ახალ
Aa
Aa

მონჩი ახალ "სევილიას" აშენებს - ოლივერ ტორესიც ანდალუსიის მთავარ ქალაქში

როგორც მოსალოდნელი იყო, მონჩი "სევილიაში" საკუთარი პროექტით დაბრუნდა და უმალ აქტიური სატრანსფერო ამბები დაატრიალა. კლუბის ძველ-ახალმა სპორტულმა დირექტორმა კიდევ ერთი გარიგება გაჩარხა და ამიერიდან ოლივერ ტორესიც "სანჩეს პისხუანზე" ითამაშებს.

ახალგაზრდა პორტუგალიელის სანაცვლოდ "პორტუ" 12 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელი კი ანდალუსიელებთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ტორესი უკვე სევილიაში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის.

სევილიელთა "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა ტორესს ეფექტური ვიდეორგოლიც მიუძღვნა, 24 წლის შუახაზელს ანდალუსიაში დიდი იმედებით ხვდებიან.

ტორესისთვის ლა ლიგა უცხო ნამდვილად არაა, იგი მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილია და "როხიბლანკოს" მთავარ გუნდთან ერთად ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში არაერთი მატჩი ჩაუტარებია, "პორტუში" კი 4 სრული სეზონი გაატარა. იგი ახალ კლუბს ამერიკაში შეუერთდა, სადაც სევილიელები შეკრებას გაივლიან და პირველ ამხანაგურ მატჩს 18 ივლისს, ადგილობრივ კლუბ "დალასთან" გამართავენ.

"სევილიაში" სერიოზული წმენდა იგეგმება, გუნდი უკვე დატოვეს: პაბლო სარაბიამ, ანდრე სილვამ, მარკო როგმა, ქუინსი პრომესმა, მაქსიმ გონალონმა, ლუის მურიელმა და გაბრიელ მერკადომ. ესპანური პრესის თქმით, მონჩი კიდევ არაერთ ფეხბურთელს გაუშვებს, თუმცა არიან ხელშეუხებელი მოთამაშეებიც: ხესუს ნავასი, ბრაიან ხილი, სერხიო ესკუდერო, დანიელ კარისო და მუნირ ელ ჰადადი.

რაც შეეხებათ მოსულებს, სევილიელებმა უკვე 8 მოთამაშე დაიმატეს: პსვ-დან - ლუკ დე იონგი (12.5 მილიონი ევრო), "ზალცბურგიდან" - მუნეს დაბური (15 მლნ.), "ეიბარიდან" - ჟოან ჟორდანი (14 მლნ.), "ნანტიდან" - დიეგო კარლოსი (15 მლნ.), "ხეტაფედან" - დავიდ სორია (4 მლნ.), "აიაქსიდან" - მაქსიმილიან ვობერი (10.5 მლნ. - გამოისყიდეს), "მარსელიდან" - ლუკას ოკამპოსი (15 მლნ.), "გალათასარაიდან" - ფერნანდო (4 მლნ.).

კლუბის მთავარ მწვრთნელად კი ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" ყოფილი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი, დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მონჩი "სევილიაში" 2000-2016 წლებში სპორტულ დირექტორად მუშაობდა. კლუბში მისულს ორი რამ დაევალა: სკაუტთა მსოფლიო ქსელის შექმნა "სევილიასთვის" და კლუბის ახალგაზრდული აკადემიის განვითარება.

შედეგად, მონჩიმ შექმნა სპეციალური ქსელი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 700 სკაუტი იყო დასაქმებული, რამაც "სევილიას" ისეთი ფეხბურთელები აღმოაჩენინა, როგორებიც დანი ალვეში, ადრიანო კორეია, ჟულიო ბაპტიშტა, ფედერიკო ფასიო, სეიდუ კეიტა, ივან რაკიტიჩი და სხვები არიან.

კლუბის ახალგაზრდულმა აკადემიამ კი სერხიო რამოსის, ხესუს ნავასის, დიეგო კაპელის, ალბერტო მორენოს, ანტონიო პუერტასა და ხოსე ანტონიო რეიესის დონის ვარსკვლავები აღზარდა.

მონჩის დირექტორობის პერიოდში "სევილიას" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთი ჰქონდა და ჯამში 11 ტიტულის მოგება შეძლო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები