კასილიასი
Aa
Aa

კასილიასი "პორტუში" დასაქმდება და მთავარ მწვრთნელს დაეხმარება

"პორტუს" ოფიციალური საიტის ცნობით, იკერ კასილიასი კლუბში დასაქმდება, რაც ნიშნავს, რომ ლეგენდარული მეკარის აქტიურ სპორტში დაბრუნების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

პორტუგალიური კლუბის საიტმა აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად ესპანელმაც გააკეთა.

"ამიერიდან რაღაც განსხვავებულს გავაკეთებ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი. ვეცდები კლუბთან და გუნდის თითოეულ ფეხბურთელთან მჭიდრო კავშირი მქონდეს. 

სერჟიო კონსეისამ მითხრა, რომ ჩემი ფეხბურთელებთან ახლოს დარჩენა სურდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ამიტომ ვეცდები, თანაგუნდელებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

იმედი გვაქვს, რომ ერთად ძალიან კარგი სეზონი გვექნება, ჩემპიონატსა და თასებს მოვიგებთ, ევროპაში კი შეძლებისდაგვარად დადებით შედეგს მივაღწევთ". - განუცხადა იკერმა "პორტუს" ტელეარხს.

მადრიდული გამოცემა AS-ის თქმით, კასილიასის კონრეტული ფუნქცია ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის გამჭვირვალე ურთიერთობის დამყარება იქნება, ესპანელს ამ კუთხით შუამავლის ფუნქცია ექნება.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა მაისის დასაწყისში გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც მკურნალობის სპეციალური კურსი გაიარა და ფეხბურთში დაბრუნებაც სცადა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ესპანელი ლეგენდის აქტიური საფეხბურთო მოღვაწეობა ასე დასანანად სრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები