Aa
Aa

ოფიციალურად: საქართველო ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა შორის მოხვდა!

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა შორის მოხვდა!

საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატს იტალია, გერმანია და ჩეხეთი უმასპინძლებენ.

ეს ამბავი დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა გამოაცხადა.

მიუნხენში გამართულ ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე,შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაესწრებოდნენ.

გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა საქართველო დაასახელა, რასაც ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა მიულოცა:

"ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ტურნირის მიმდინარეობისას, დარწმუნებული ვარ, ყველა პირობას შეასრულებთ. ასე რომ, მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!"

ჩვენს გარდა მასპინძლობის სურვილს ესტონეთი, სლოვენია და უნგრეთიც გამოთქვამდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ევრობასკეტი 17-დან 29 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყანა მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები