კალაშნიკოვამ წყვილთა შორის 100 ათასიანი ტურნირი მოიგო
Aa
Aa

კალაშნიკოვამ წყვილთა შორის 100 ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ, საფრანგეთის ქალაქ კონტრესქვილში გამართული 100 ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშება მოიგო. კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ, ესპანელმა ჯორჯინა გარსია-პერესმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და ტურნირი სეტის წაუგებლად დაასრულეს.

კალაშნიკოვა/გარსია-პერესის დუეტი პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და გათამაშებაში 1/4 ფინალიდან ჩაერთნენ, რომლის მატჩიც კორპაჩი/მარცინკევიცას წყვილთან იოლად - 6:0; 6:2 მოიგეს.

ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველთა დაპირისპირება ვიხილეთ - ოქსანა კალაშნიკოვა სოფია შაფათავას წინააღმდეგ! შაფათავა თავის ბოლოიდროინდელ სტაბილურ მეწყვილესთან, ბრიტანელ ემილი ვებლი-სმიტთან ერთად თამაშობდა, თუმცა შეხვედრა 3:6; 4:6 დათმო.

კალაშნიკოვასა და გარსია-პერესს ფინალში მეორე ნომრად განთესილ დანილინა/ვაკანოს ყაზახურ-ჰოლანდიურ დუეტთან თამაში მოუწიათ და მისი დამარცხება არ გასჭირვებიათ - 6:3; 6:3.

კალაშნიკოვამ კონტრესქვილის ტურნირის წყვილთა გათამაშება კარიერაში მეორედ მოიგო, მან აღნიშნული ტიტული 2016 წელს, იაროსლავა შვედოვასთან ერთად მოიპოვა. 

28 წლის ქართველმა კონტრესქვილში მიღწეული წარმატებისთვის 2787 ამერიკული დოლარი და 140 სარეიტინგო ქულა მიიღო. WTA-ს წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვა 8 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 64-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ სეზონში კალაშნიკოვა/გარსია-პერესის წყვილმა მაროკოს დედაქალაქ რაბატში გამართულ WTA-ს კატეგორიის ტურნირზე, მარტინეს სანჩესი/სორიბეს ტორმოს გამოცდილ ესპანურ დეუტთან ფინალი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები