საქართველოს U20 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ევროჩემპიონატის ჯგუფს წაუგებლად ლიდერობს
Aa
Aa

საქართველოს U20 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ევროჩემპიონატის ჯგუფს წაუგებლად ლიდერობს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი 73:64 დაამარცხა . 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით ჩვენი გუნდი C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, რადგან ესტონეთის ნაკრებმა დღეს პირველი მარცხი ჰოლანდიასთან განიცადა. აქვე საინტერესო პარალელს გავავლებთ: საქართველომ პირველ ტურში ჰოლანდია იოლად დაამარცხა, ხოლო ესტონეთმა წინა ტურში შვედეთს მოუგო. შესაბამისად, ჯგუფში დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოა, რომელსაც 16 ივლისს ერთ-ერთ აუტსაიდერ კოსოვოსთან, ხოლო 17-ში ესტონეთთან დარჩა სათამაშო. 

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებელი, გააზრებული და გეგმაზომიერი თამაშის წყალობით იმარჯვა. მართალია, ბოლო 2 წუთში შვედებმა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს და წარმატების მცირე შანსიც გაუჩნდათ, თუმცა მთლიანობაში თამაში ქართველებს მიჰყავდათ და მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი თამაშის განმავლობაში ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ. 

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი რატი ანდრონიკაშვილმა დააფიქსირა. 10 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა. ცოტნე ცარციძის ანგარიშზე 8 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. მოედნიდან 5 პერსონალურის გამო ნაადრევად გასულმა ზურაბ ჟღენტმა 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. შვედებში, თუ გაინტერესებთ, ყველაზე მეტი – 11 ქულა ერიკ პერსონმა დააგროვა. 

ჩვენი ჯგუფიდან გასულები მეოთხედფინალში იმ გუნდებს შეუწყვილდებიან, სადაც სადღეისოდ ლიდერები ბელგია, სლოვაკეთი და პორტუგალია არიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები