საქართველო-რუსეთის მატჩი არ შედგება:''ალტერნატიულ ვარიანტზე ვმუშაობთ''
Aa
Aa

საქართველო-რუსეთის მატჩი არ შედგება:''ალტერნატიულ ვარიანტზე ვმუშაობთ''

რუსეთის რაგბის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, იგორ არტემიევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვა ნეიტრალურ სტადიონზეც არ შედგება. არტემიევმა კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა.

ამ თემაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ტელეკომპანია ''იმედთან'' ისაუბრა.

გოჩა სვანიძე:''არტემიევის განცხადება წავიკითხე, მასთან პირადი კონტრაქტი არ მქონია.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის რაგბის მმართველი ორგანოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შეიძლებოდა თუ არა მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის საკითხი განგვეხილა. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვსურდა, თუმცა მათ ვუთხარით, რომ პასუხს სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ გავცემდით. 

მას შემდეგ მათთან კონტაქტი არ გვქონია, თუმცა მათი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

რუსები ამ მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ჩვენთვის კი მოსამზადებელი ეტაპია. ჩვენ ამ მატჩს განვიხილავთ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოსამზადებელ ეტაპს და არა რაღაც პოლიტიკურ აქციას.

სამწუხაროა, რომ რუსები ამ მატჩს სპორტული კუთხით აღარ უყურებენ, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. იძულებული ვართ სხვა მეტოქე მოვძებნოთ. ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ.''

შეგახსენებთ, საქართველოს და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ალბათობით ტესტ-მატჩი აღარ შედგება.

ცხელი ამბები