კლასიკა ფედერერის სასარგებლოდ! -
Aa
Aa

კლასიკა ფედერერის სასარგებლოდ! - "მაესტრო" უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩზე გავიდა

ჩოგბურთის ორი ლეგენდის - როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რიგით მე-40 ურთიერთშეხვედრა ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, რითაც მან უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვა.

37 წლის შვეიცარიელი უიმბლდონის ნახევარფინალურ ეტაპზე მე-13-ედ თამაშობდა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დამარცხდა - 2016 წელს მილოშ რაონიჩთან.

ფედერერმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და ჩაწოდებებს დამაჯერებლად ინარჩუნებდა, მშვენივრად აწვდიდა ნადალიც, რამაც პირველი სეტი ლოგიკურ ტაიბრეიკამდე მიიყვანა. 

შემოკლებული გეიმი ნადალმა უკეთესად გახსნა და მინიბრეიკით ორჯერ დაწინაურდა, თუმცა 2:3-დან ფედერერმა ინიციატივა სრულად ხელში ჩაიგდო და ზედიზედ 5 გათამაშების მოგებით სეტი სათავისოდ დაასრულა.

მეორე პარტიის სტარტზე ესპანელი აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა, რამაც შეიცარიელს საქმე გაურთულა, გარდამტეხი კი მე-3 გეიმი გამოდგა, როცა ფედერერმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და შემდეგ უკვე რაფას შეჩერება შეუძლებელი გახდა.

საბოლოოდ, პირენეელის ბრწყინვალე თამაშისა და როჯერის შეცდომების ფონზე წარმართული სეტი მალევე დასრულდა და ის ნადალმა ორბრეიკიანი უპირატესობით - 6:1 მოიგო.

საჩოგბურთო დღესასწაული ახალ ეტაპზე გადავიდა და ცხადი იყო, რომ გულშემატკივარს მთავარი სანახაობა წინ ელოდა.

უშუალოდ კორტზე მაყურებლებს შორის კი არაერთი ცნობილი სახე ვიხილეთ, მათ შორის: ჯუდ ლოუ, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ვირჯილ ვან დიიკი, ჟოზე მოურინიო, ალექს ფერგიუსონი და დევიდ ბექჰემი.

მესამე სეტის დასაწყისი პირველისას მოგვაგონებდა. როჯერი ისევ მაღალ ტემპში ათამაშდა, რიტმს თავად აკონტროლებდა და მე-4 გეიმში ბრეიკიც შეასრულა, შემდეგი ჩაწოდებისას კი რთული გეიმი დაიტოვა და ანგარიში 4:1 გახადა.

აღნიშნული პარტიისას უიმბლდონის ისტორიული რეკორდიც დაემხო. ფედერერმა ამ ტურნირზე 1398-ე ეისი შეასრულა და გორან ივანიშევიჩის მაჩვენებელი გააუმჯობესა. შესაბამისად, ჩოგბურთელებს ჩაწოდება აღარ დაუკარგავთ და ფედერერი სეტებში წინ კიდევ ერთხელ გავიდა.

ლეგენდარულ შვეიცარიელს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, დამაჯერებლად და მშვიდად თამაშობდა, შედეგად, ბრეიკი მალევე შეასრულა. თუმცა, მატჩზე ჩაწოდებისას სიტუაცია მაინც დაიძაბა.

ყველაფერს წინ 3:5-ზე ნადალის გეიმი უძღოდა, რომელშიც მან 2 მატჩ-პოინტი გადაარჩინა, ფედერერის ჩაწოდებაზე კი იგივე ასევე ორჯერ გააკეთა, მაგრამ რიგით მე-5 მატჩ-პოინტზე როჯერმა თამაშს წერტილი 7:6; 1:6; 6:3; 6:4-ით დაუსვა და უიმბლდონზე ნადალთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 3:1 გახადა.

როჯერ ფედერერი უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს კვირას დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, ნახევარფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა-აგუტს 4 სეტში აჯობა.

"მხიარული როჯერი" უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში მე-12-ედ გავიდა და ტიტულის მეცხრედ მოგებას შეეცდება, "ნოლე" კი ტურნირის ფინალში მე-6-ედ ითამაშებს და მე-5 ტიტულს დაუმიზნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები