BT: საბა ლობჟანიძე ''კრონილანდის მესია''
Aa
Aa

BT: საბა ლობჟანიძე ''კრონილანდის მესია''

დანიური გავლენიანი ვებგვერდის BT-ის ვერსიით ''რანდერსის'' ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე სუპერლიგის 25 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

''გასულ წლებში დანიის სუპერლიგაში თავის გამოჩენა ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა სცადა, თუმცა მათგან საუკეთესო საბა ლობჟანიძეა, რომლის მიმართ მიმდინარე ზაფხულში ბევრი კლუბია დაინტერესებული როგორც დანიის სუპერლიგაში, ასევე დანიის საზღვრებს გარეთ. ''კრონილანდის მესის'' კარგი დრიბლინგი აქვს და აზრიანი თამაშით გამოირჩევა.''

BT-ის ვერსიით დანიის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ სკოვია, რომელმაც დანიის ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა და გასულ სეზონში ''კოპენჰაგენისთვის'' სუპერლიგაში 29 გოლი შეაგდო.

მიმდინარე ზაფხულში საბა ლობჟანიძე დიდი ალბათობით ''რანდერსს'' დატოვებს და უფრო ძლიერი კლუბის ფორმას მოირგებს. მის მიმართ დაინტერესებული გერმანული ''კარლსრუე'' იყო, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. გასულ თვეში დანიური მედია იუწყებოდა, რომ ლობჟანიძის გადაბირების საკითხს ''ბრონდბიუ'' განიხილავდა.

საფეხბურთო კლუბი ''რანდერსი'' კრონილანდის მხარეში მდებარეობს და სტატიის ავტორმა იგულისხმა, რომ ამ მხარეში ქართველი საუკეთესო ფეხბურთელია.

გასულ თვეში საბა ლობჟანიძემ დანიის ნაკრებთან გატანილი გოლის შემდეგ tipsbladet-ს უთხრა: ''ჩვენ უნდა დაველოდოთ მომავალს. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ გუნდიდან მივდივარ. ეს მოხდება მაშინ თუ დაინტერესებული კლუბი და ''რანდერსი'' სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან. დანიის სუპერლიგაში თამაში და შემდეგ დანიის ეროვნულ ნაკრებთან ასპარეზობა სხვადასხვა დონეა. სუპერლიგაში ბევრი მატჩი ჩავატარე, თუმცა ინგლისის პრემიერლიგისა და სხვა უმაღლესი დონის ჩემპიონატების ფეხბურთელებთან თამაში გაცილებით მაღალ დონეზე გამოსვლას ნიშნავს.''

24 წლის ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ლობჟანიძემ ყველა ტურნირის ჩათვლით ''რანდერსში'' 75 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი შეაგდო და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები