Aa
Aa
12 ივლისი 2019  |  10:11

ჩავი ნეიმარისა და გრიზმანის შესაძლო ტრანსფერების შესახებ

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავიმ ნეიმარის სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელ შემტევს „ბლაუგრანაში“ გადასვლა სურს, თუმცა „კამპ ნოუს“ ბინადრები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. „ბარსა“ ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გამო ყოყმანობს და ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს.

ჩავი მიმდინარე მოვლენებს Movistar-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა და განაცხადა:„ნეიმარი ბარსელონასთვის საოცარი შენაძენი იქნებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ კლუბს მისი ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან გაუჭირდება.

ბოლო წლებში ბევრი ისეთ რამ ვიხილეთ, რაც მეგონა არასდროს მოხდებოდა. მაგალითად „პსჟ-ს“ მიერ „ნეის“ სანაცვლოდ გადახდილი 222 მილიონი ევრო. ასე რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია.

ორი აზრი არაა, რომ ნეიმარი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა. ვნახოთ რა მოხდება და ბარსელონა რა გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ნეიმარის გარდა ჩავი გრიზმანის ტრანსფერსაც შეეხო და აღნიშნა: „ანტუანი შესანიშნავი ფეხბურთელია. ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, თუმცა სავარაუდოდ გრიზმანი კარიერას „კამპ ნოუზე“ გააგრძელებს. ვფიქრობ ანტუანი ბარსასთვის ჩინებული შენაძენი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები