Aa
Aa

"ოკლაჰომამ" რასელ უესტბრუკი გაცვალა

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეგა-ტრეიდი განხორციელდა. „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ რასელ უესტბრუკი „ჰიუსტონში“ გაუშვა და სანაცვლოდ კრის პოლთან ერთად 2024 და 2026 წლის პირველი რაუნდის პიკები მიიღო. 2021 და 2025 წლებში კი გუნდები პიკებს გაცვლიან.

„ოკლაჰომა“ გუნდის გადახალისებაზეა ორიენტირებული და ბოლო პერიოდში „ბროდის“ გაცვლას აქტიურად ცდილობდა. რაც შეეხება „ჰიუსტონს“, ტეხასელებს ლარი ობრაიენის თასის დასაკუთრება სურთ. თანაც კრის პოლსა და ჯეიმს ჰარდენს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, რაც გუნდზე უარყოფით გავლენას ახდენდა.

უესტბრუკმა „ოკლაჰომაში“ 11 სეზონი გაატარა და 2017 წელს MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა. რასელი ჩემპიონობის მოპოვებას ჯერ კევინ დურანტთან, ხოლო შემდეგ პოლ ჯორჯთან ერთად ცდილობდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ახლა კი „სამმაგი დუბლების მანქანა“ „ჰიუსტონის“ ქომაგების გასახარებლად იბრძოლებს.

უესტბრუკი გასულ სეზონში საშუალოდ 22.9 ქულას, 11.1 მოხსნას და 10.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კრის პოლის შარშანდელი მონაგარი კი ასე გამოიყურება - 15.6 ქულა, 4.6 მოხსნა, 8.2 შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები