როგორც მოსალოდნელი იყო!
Aa
Aa

როგორც მოსალოდნელი იყო! "დინამომ" "ენგორდანი" გაანადგურა!

თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო. ქართული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ანდორულ "ენგორდანს" დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

"დინამო" აშკარა ფავორიტი გახლდათ და თბილისელებმა სტატუსი გაამართლეს. ჩვენებური გუნდი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია.


მატჩი "დინამოს" კარნახით დაიწყო. ქართველები სათამაშო ინიციატივას შეხვედრის სტარტზევე დაეუფლნენ და მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნეს. თბილისელები ნიკა ნინუამ დააწინაურა, რომელმაც ულამაზესი ჯარიმა შეაგდო.

გატანილი გოლის შემდეგ დინამოელები აქტიურად უტევდნენ და 21-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ ფანტასტიკური დარტყმით ანდორელთა კარი დალაშქრა. "დინამოს" ნახევარმცველმა შორიდან გაისროლა და "ენგორდანის" მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

პირველი ტაიმის დარჩენილი დრო "დინამოს" იერიშებში გაილია, თუმცა გოლი აღარ გასულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში იგივე სცენარი ვიხილეთ. გუნდების კლასს შორის განსხვავება აშკარა იყო, რაც მეორე ტაიმში მშვენივრად გამოჩნდა. ანდორელი ფეხბურთელები ჯერ ნოდარ ქავთარაძემ დაამწუხრა, რომელმაც "დინამოში" სადებიუტო გოლი გაიფორმა. შემდეგ კუტალიამ ულამაზესი "პანენკა" შემოგვთავაზა, რასაც კუხიანიძისა და ზარიას გასროლა მოჰყვა.

საბოლოოდ "დინამომ" 6-0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე თამაში ფაქტობრივად გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელთა მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება.

ფოტო - თბილისის "დინამო" ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები