Aa
Aa

ფედერერი და ნადალი 2008 წლის ლეგენდარული ფინალის შემდეგ უიმბლდონზე პირველად შეხვდებიან

უიმბლდონის მამაკაცთა თანრიგში მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველა მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა და ნახევარფინალში მოსალოდნელი ოთხეული გავიდა.

დღის პირველი მატჩი მას შემდეგ დასრულდა, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩმა დავიდ გოფენს საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ჯამში მხოლოდ 6 გეიმი დაუთმო.

„ნოლემ“ ბელგიელ მეტოქეს პირველი სეტის 3:4-დან ზედიზედ 10 გეიმი (!!!) მოუგო, რამაც შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა - 6:4; 6:0; 6:2. სერბი ვარსკვლავი შესანიშნავ სვლას აგრძელებს და დიდი სლემის ტურნირებზე ჩატარებული ბოლო 32 მატჩიდან 31 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ითამაშებს ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტიც, რომელმაც მილოშ რაონიჩის დამმარცხებელ გუიდო პელას 4 სეტში აჯობა. ბაუტისტა-აგუტი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მეტოქეს დამაჯერებლად - 7:5; 6:4; 3:6; 6:3 მოუგო და  დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში პირველად გავიდა. აგუტი მე-6 ესპანელია, რომელიც აღნიშნულ ეტაპზე ითამაშებს.

ჩვეულად დამაჯერებელი და მრისხანე იყო რაფაელ ნადალი. „მატადორმა“ ამერიკელ სემ ქუერის შანსი არ დაუტოვა. რაფა პირველ სეტშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მის მოსაგებად მაინც 12 გეიმი დასჭირდა, შემდეგ კი საქმე გაცილებით მარტივი გახდა და ესპანელს პრობლემა აღარ ჰქონია - 7:5; 6:2; 6:2.

ნადალი, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა, დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალში 32-ედ მოხვდა, რაც ღია ერაში მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩისა (36) და როჯერ ფედერერის შედეგს (45) ჩამორჩება.

დღის ცენტრალური შეხვედრა სწორედ ფედერერსა და კეი ნიშიკორის შორის ჩატარდა. იაპონელმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი სეტის მოგებაც შეძლო.

ამის შემდეგ „მხიარული როჯერი“ დიდ უპირატესობას დაეუფლა და საკუთარი გამარჯვება ეჭვის ქვეშ წამითაც აღარ დაუყენებია - 4:6; 6:1; 6:4; 6:4. შედეგად, შვეიცარიელმა ლეგენდამ უიმბლდონზე საიუბილეო - მე-100 მატჩი მოიგო, ტურნირის 1/2 ფინალში კი მე-13-ედ ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ფედერერი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ერთ-ერთ ტურნირზე 100 ან მეტი გამარჯვება იზეიმა.

უიმბლდონის მამაკაცთა თანრიგის ნახევარფინალური მატჩები პარასკევს გაიმართება. ნოვაკ ჯოკოვიჩი რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება, ნადალი და ფედერერი კი უიმბლდონზე ერთმანეთს 2008 წლის ლეგენდარული ფინალის შემდეგ პირველად შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები