Aa
Aa

ლამპარდის სადებიუტო მატჩში "ჩელსი" ფრეს დასჯერდა

ფრენკ ლამპარდმა ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი გამართა. „არისტოკრატები“ დუბლინში „ბოჰემიანს“ დაუპირისპირდნენ და ფრეს დასჯერდნენ.

„დეილიმაუნთ პარკზე“ ჩატარებულ შეხვედრაში ინგლისელმა სპეციალისტმა შანსი 22 ფეხბურთელს მისცა და საერთო ჯამში საკუთარი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

როგორც მოსალოდნელი იყო „ლურჯები“ უპირატესობას 90 წუთის განმავლობაში ფლობდნენ და ანგარიში მალევე გახსნეს. მერვე წუთზე „ბოჰემიანის“ კარის აღება ლონდონელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა, მიჩი ბაჩუაიმ მოახერხა.

გატანილი გოლის შემდეგ „ჩელსის“ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, თუმცა „არისტოკრატები“ დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად მოქმედებდნენ, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. 89-ე წუთზე ირლანდიელთა ნახევარმცველმა ერიკ მოლიმ „ლურჯების“ კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1-1.

შეხვედრის შემდეგ „სუპერ ფრენკმა“ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და განაცხადა: „გამარჯვების მოპოვება გვინდოდა, რადგან ყოველთვის მოგებაზე უნდა იყო ორიენტირებული, თუმცა ამ ეტაპზე სასურველი შედეგის დაფიქსირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფეხბურთელები ფორმაში ჩადგნენ. წინასასეზონო მატჩები სწორედ ამიტომ იმართება.

შედეგით კმაყოფილები ვართ და რამდენიმე ფეხბურთელმა, ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებს ვგულისხმობ, შესანიშნავად იასპარეზა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები