Aa
Aa

''საბურთალოს'' სენსაციური, ისტორიული და ულამაზესი გამარჯვება

საქართველოს ჩემპიონმა ''საბურთალომ'' ევროტურნირებზე პირველი მატჩი ჩაატარა. ისტორიულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გასვლით შეხვედრაში მოლდოვის ჩემპიონ ''შერიფს'' 3 უპასუხო გოლი გაუტანა და სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ძალიან გამართული ფეხბურთი აჩვენა, აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონი დომინირებდა.

ტირასპოლში ''საბურთალომ'' პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, ქართული კლუბის ისტორიაში პირველი გოლი ევროტურნირებზე მონტენეგროელმა ოგნიენ როლოვიჩმა თავური დარტყმით გაიტანა. 30-ე წუთზე პირველი გოლის კომბინაცია კოხრეიძის შორეული გადაცემით განვითარდა, ვაგნერ გონსალვეშის პასის შემდეგ ნიკა მალიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მეორე სართულზე ბრძოლა როლოვიჩმა მოიგო და სტუმრები დააწინაურა.

თბილისურმა კლუბმა მეორე გოლი შესვენების შემდეგ შეაგდო, 67-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ შორი მანძილიდან ფანტასტიკური გოლი გაიტანა, ბურთი ''ცხრიანში'' გაახვია და ''შერიფი'' ფსიქოლოგიურად გატეხა.

71-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ლევან კაკუბავამ გამოიჩინა თავი, საგოლე პასი გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კოხრეიძემ საგოლე გადაცემა თავით შეასრულა და კაკუბავამაც თავური დარტყმით ახლო მანძილიდან შეაგდო. ცხადია, სამი გაშვებული გოლის შემდეგ მოლდოვის ჩემპიონი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა და შეხვედრის დარჩენილ დროში კვლავ თბილისური კლუბი დომინირებდა.

გიორგი ჭიაბრიშვილმა სამი ცვლილება განახორციელა. 61-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა მოედანი დატოვა, რომელიც ლევან კაკუბავამ შეცვალა. 70-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეში მინდვრიდან გავიდა და თამაშში ლაშა შინდაგორიძე ჩაერთო. 77-ე წუთზე შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ ჭიაბრიშვილმა კოხრეიძე შეცვალა, მატჩის დარჩენილ დროში ''საბურთალოსთვის'' გუნდის ახალწვეული გიორგი გაბედავა ასპარეზობდა.

გიორგი კოხრეიძემ, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა და ''საბურთალოს'' აღზრდილმა კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა ზოგადად ქართულმა გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე აღსანიშნავია სანდრო ალთუნაშვილის ბრწყინვალე თამაში, მან მეტოქის არაერთი შეტევა ჩაშალა და საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციები ბრწყინვალედ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ''შერიფმა'' ევროტურნირებზე ისტორაში 109-ე მატჩი ჩაატარა, ''საბურთალოსთვის'' კი ევროტუნირებზე პირველი შეხვედრა იყო და ძალიან წარმატებული გამოვიდა.

საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები