Aa
Aa

ორი დებიუტანტი და ორი ძველი კადრი - უიმბლდონზე ქალთა ნახევარფინალისტები გამოვლინდა

უიმბლდონის ქალთა თანრიგში ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. ტურნირის მე-8 დღეს სიმონა ჰალეპმა ჩინელ შუაი ჟანს 2 სეტში მოუგო და უიმბლდონის საუკეთესო ოთხ ჩოგბურთელში მეორედ გავიდა.

რუმინელმა თამაში ცუდად დაიწყო და 1:4 ჩამორჩა, თუმცა პირველი პარტია ტაიბრეიკზე აიღო, რასაც იოლი მეორე სეტი მოჰყვა, საბოლოოდ - 7:6; 6:1.

საკმაოდ რთული ორსეტიანი მატჩი ჩაატარა ელინა სვიტოლინამ, რომელსაც ოდნავ გადაღლილი კაროლინა მუჩოვა ხვდებოდა. მუჩოვამ თამაშამდე 1 დღით ადრე, კაროლინა პლიშკოვას წინააღმდეგ თითქმის 4-საათიანი მატჩი გამართა.

22 წლის ჩეხს გადამწყვეტ მომენტებში სწორედ ენერგია დააკლდა, რითაც სვიტოლინამ კარგად ისარგებლა და თამაში 7:5; 6:4 მოიგო. იგი პირველი უკრაინელი ქალია, რომელიც დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

რთული ბრძოლის გადატანა მოუწია სერენა უილიამსსაც. 37 წლის ამერიკელს თანამემამულე ალისონ რისკეს წინააღმდეგობის დასაძლევად 2 საათი და 3 წუთი დასჭირდა.

სერენამ პირველი სეტი მოიგო, თუმცა მეორე პარტია უკეთესად რისკემ ჩაატარა და ანგარიში გაათანაბრა, რასაც გადამწყვეტი სეტის ბრეიკით დაწყებაც მიაყოლა. უმცროსი უილიამსი დროულად გამოფხიზლდა, მატჩი თავის სასარგებლოდ - 6:4; 4:6; 6:3 დაასრულა და უიმბლდონის ნახევარფინალში მე-12-ედ გავიდა.

წარმომადგენლის გარეშე დარჩა მასპინძელი დიდი ბრიტანეთი, რომლის ბოლო იმედმა, იოჰანა კონტამ, ჩეხ ბარბორა სტრიცოვას ვერაფერი მოუხერხა.

კონტამ თამაში ბრეიკით დაიწყო და კომფორტულ უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა სტრიცოვამ საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, რომელზეც მეტოქეზე უკეთესად ითამაშა და სეტებში დაწინაურდა.

როგორც აღმოჩნდა, კონტასთვის ეს დიდი დარტყმა იყო და ბრიტანელი მეორე სეტში საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. სტრიცოვამ იგი ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჩაგრა, 7:6; 6:1 იმარჯვა და 33 წლის ასაკში დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.

ქალთა ნახევარფინალური მატჩები ხუთშაბათს გაიმართება. ელინა სვიტოლინა სიმონა ჰალეპს შეხვდება, სერენა უილიამსის მეტოქე კი სწორედ ბარბორა სტრიცოვა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები