Aa
Aa

უიმბლდონმა სერენა, ფონინი და კირგიოსი დააჯარიმა

უიმბლდონის ორგანიზატორებმა ტურნირის 7-გზის ჩემპიონი, სერენა უილიამსი, კორტის დაზიანების გამო, 10 000 ფუნტით დააჯარიმეს. უილიამსმა ერთ-ერთი მატჩისას კორტზე ჩოგანი აქცენტირებულად რამდენჯერმე დაარტყა, რამაც ბალახის საფარის დაზიანება გამოიწვია.

სერენას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, იგი მეოთხედფინალური შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც თანამემამულე ალისონ რისკეს უნდა შეხვდეს.

ასევე დაისაჯნენ: ფაბიო ფონინი და ნიკ კირგიოსი. ფონინიმ, ტენის სანდგრენის წინააღმდეგ გამართული მატჩისას, არასპორტული საქციელი გამოავლინა, შემდეგ კი განაცხადა, რომ იმედი აქვს, უიმბლდონის საჩოგბურთო კომპლექსს ბომბი დაეცემა. იტალიელმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა 3 000 ფუნტის გადახდა მაინც მოუწევს.

რაც შეეხება კირგიოსს, მან პირველ და მეორე რაუნდში რამდენიმე ინციდენტის პროვოცირება მოახდინა, რაც ასევე გაუმართლებელ სპორტულ ქმედებად ჩაითვალა და ავსტრალიელს 8 000 ფუნტის გადახდა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები