Aa
Aa

"დიდი სამეული" იოლად იგებს! - უიმბლდონის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

უიმბლდონზე მეორე კვირა მერვედფინალური მატჩებით გაიხსნა და მამაკაცთა შორის „დიდმა სამეულმა“ იოლად იმარჯვა.

როჯერ ფედერერმა იტალიელ მატეო ბერეტინის, სულ რაღაც, 5 გეიმი დაუთმო და 6:1; 6:2; 6:2 დაამარცხა. გამორჩეული გამოდგა პირველი პარტია, რომელიც ფედერერმა 17 წუთში მოიგო. „მხიარული როჯერი“ უიმბლდონის 1/4 ფინალში მე-17-ედ ითამაშებს, მისი შემდეგი მეტოქე კი კეი ნიშიკორი იქნება. თავის მხრივ, იაპონელმა მიხაილ კუკუშკინს 4 სეტში დამაჯერებლად აჯობა.

დიდი სლემის ტურნირების მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა რაფაელ ნადალი, რომელმაც პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შანსი არ დაუტოვა - 6:2; 6:2; 6:2. „მატადორი“ ბოლო დროს შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და უკანასკნელ 2 მატჩში: ცონგასა და სოუზას წინააღმდეგ ჯამში მხოლოდ 13 გეიმი წააგო.

თუკი ნადალი 1/4 ფინალში ამერიკელ სემ ქუერის დაამარცხებს, პირველი ჩოგბურთელი გახდება, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშს გაინაღდებს.

იოლად მოიგო თავისი შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც, რომელმაც ფრანგ უგო უმბერს მხოლოდ 8 გეიმი დაუთმო და 6:3; 6:2; 6:3 დაამარცხა. სერბი ვარსკვლავი 1/4 ფინალში დავიდ გოფენის წინააღმდეგ ითამაშებს.

ჯოკოვიჩი დიდი სლემის მეოთხედფინალში 45-ედ გავიდა, უშუალოდ უიმბლდონზე კი ამ სტადიას მე-11-ედ მიაღწია.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, მილოშ რაონიჩისა და გუიდო პელას დაპირისპირება იყო. ფავორიტად შერაცხული კანადელი სეტებში 2:0 დაწინაურდა, თუმცა პელამ გასული სეზონის გმირობა გაიმეორა და მარინ ჩილიჩის მსგავსად, რაონიჩსაც 0:2-დან სუპერდრამატულ ბრძოლაში მოუგო.

პელა დიდი სლემის ტურნირის მეითხედფინალში პირველად გავიდა, მისი მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება.

უიმბლდონის მამაკაცთა თანრიგის მეოთხედფინალური მატჩები ოთხშაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები