Aa
Aa

კევინ პრიჩარდი: "ბითაძე რამდენიმე დღეში შემოგვიერთდება"

გამთენიისას გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგის ეგიდით მეორე შეხვედრა გამართა. ქართველი ცენტრი კი თავის გუნდს ამჯერადაც ვერ დაეხმარა.

ამერიკული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტის, სკოტ აგნესის ცნობით გოგა კვლავ საქართველოში იმყოფება და სამუშაო ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებს.

აგნესის მიხედვით ბითაძე ამერიკის საელჩოში გასაუბრებას უახლოეს დღეებში გამართავს და საბოლოო დეტალებს შეათანხმებს. შემდეგ კი ა.შ.შ-ში გაფრინდება.

„ინდიანასა“ და „დეტროიტის“ მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ცენტრის შესახებ „პეისერსის“ პრეზიდენტმა, კევინ პრიჩარდმაც ისაუბრა და განაცხადა: „დრაფტის შემდეგ უკან უნდა დაბრუნდე, რათა ამერიკის საელჩოსგან პერმანენტული ვიზა მიიღო. ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. პრობლემების გამოსწორებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ბითაძე რამდენიმე დღეში შემოგვიერთდება. არ ვიცი საზაფხულო ლიგაზე თამაშის უფლებას მივცემთ თუ არა. არ გვინდა ერთი ვარჯიშის შემდეგ პარკეტზე გასვლა ვაიძულოთ, თუმცა გოგა დღეში 10-ჯერ მწერს და მეუბნება: „მე მზად ვარ, მე მზად ვარ, მე მზად ვარ“.

ბითაძის არყოფნაში „პეისერსმა“ ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგის მეორე შეხვედრაც წააგო და „დეტროიტთან“ 102-84 დამარცხდა. ჩვენებურის გუნდი მომდევნო მატჩს 10 ივლისს, თბილისის დროით 01:30-ზე გამართავს და „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები