UEFA-მ არგენტინის ერთა ლიგაში მონაწილეობა გამორიცხა
Aa
Aa

UEFA-მ არგენტინის ერთა ლიგაში მონაწილეობა გამორიცხა

გამოცემა Fox Sports-ის არგენტინულმა ვერსიამ დღეს გაავრცელა ცნობა, თითქოს UEFA არგენტინის ნაკრებს ერთა ლიგაზე სათამაშოდ მიიწვევდა. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი "ალბისელესტე" მომავალ კოპა ამერიკაზე თამაშზე უარს იტყოდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა და არგენტინელთა ერთა ლიგაში მონაწილეობა გამორიცხა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და შეუძლებელია, ნაკრებმა, რომელიც UEFA-ს წევრი არაა, ერთა ლიგაში მონაწილეობა მიიღოს.

ერთა ლიგის პირველი გათამაშება რამდენიმე კვირის წინ დასრულდა და მისი პირველი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ჰოლანდიას მოუგო, ტურნირის მე-3 ადგილი კი ინგლისის ნაკრებს ერგო.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, მას CONMEBOL-ისგან სანქცია ემუქრება, ეს კი მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო კორუფციაში ღიად დაადანაშაულა.

აქვე დავამატოთ, რომ კოპა ამერიკის მომდევნო გათამაშება 2020 წლის ზაფხულში არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები