სუპერსენსაცია
Aa
Aa

სუპერსენსაცია "სუპერქამბექით"! - კაროლინა მუჩოვამ პლიშკოვა უიმბლდონს გამოთიშა

უიმბლდონზე მეორე კვირა მერვედფინალური მატჩებით დაიწყო და ქალთა თანრიგში მოვლენები ძალიან საინტერესოდ და, როგორც ყოველთვის, საკმაოდ მოულოდნელად ვითარდება. 

22 წლის ჩეხმა კაროლინა მუჩოვამ ტურნირიდან თანამემამულე, მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, კაროლინა პლიშკოვა, გამოთიშა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და ჩოგბურთელებს გადამწყვეტ სეტში 24 გეიმის თამაში დასჭირდათ.

პლიშკოვა მე-3 სეტში მატჩზე ორჯერ აწვდიდა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა, მეორე მხრივ, მუჩოვამ იშვიათი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა და ჰიპერსენსაცია დააფიქსირა. ახალგაზრდა ჩეხმა 4:6; 7:5; 13:11 იმარჯვა და დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

მუჩოვამ WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრს კარიერაში პირველად მოუგო, მისი შემდეგი მეტოქე კი ელინა სვიტოლინა იქნება, რომელმაც პეტრა მარტიჩს 2 სეტში იოლად აჯობა.

საათსა და 5 წუთში მოიგო თავისი მატჩი სერენა უილიამსმა, რომელსაც ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 2:6; 2:6 წააგო. სერენა 1/4 ფინალში ეშლი ბარტის დამმარცხებელ ალისონ რისკეს დაუპირისპირდება.

სერენა უილიამსი დიდი სლემის ტურნირების 1/4 ფინალში 51-ედ ითამაშებს, უშუალოდ უიმბლდონზე კი ამ სტადიაზე მე-14-ედ გააღწია.

15 წლის კოკო გოფის საოცნებო სვლა სიმონა ჰალეპმა შეწყვიტა. რუმინელმა ვარსკვლავმა თინეიჯერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:3; 6:3-ით დაშორდა. ჰალეპის მომდევნო მოწინააღმდეგე ჩინელი შუაი ჟანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ, 15 წლისა და 122 დღის ასაკში, კოკო გოფი უიმბლდონის ძირითადი ბადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა და სადებიუტო გათამაშებაში 1/8 ფინალამდე მივიდა.

კორი კოკო გოფი 2018 წელს „როლან გაროსის“ იუნიორთა გათამაშების გამარჯვებული გახდა, 2017 წელს კი ამანდა ანისიმოვასთან ამერიკის ღია პირველობის ფინალი წააგო. თინეიჯერ ამერიკელს ცნობილმა ფირმა „ნიუ ბალანსმა“ გასულ წელს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა.

დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მასპინძელთა მთავარ იმედ იოჰანა კონტასა და უიმბლდონის ორგზის ჩემპიონ პეტრა კვიტოვას შორის ჩატარდა. 

კვიტოვამ თამაში კარგად დაიწყო და პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით თავის სასარგებლოდ დაასრულა, თუმცა კონტამ სიტუაცია გამოასწორა და 3 სეტში - 4:6; 6:2; 6:4 იმარჯვა, რითაც 1/4 ფინალში კიდევ ერთ ჩეხ ბარბორა სტრიცოვაზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები