Aa
Aa

"ეს გამაღიზიანებელია... მსაჯები „ბარსელონას“ სასარგებლოდაც შემცდარან, თუმცა..."

კოპა ამერიკის მიმდინარეობისას ლეო მესი კონმებოლს რამდენჯერმე დაუპირისპირდა და ბრალი კორუფციაში დასდო. არგენტინელი სუპერვარსკლავი ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას არ მოერიდა და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მკაცრად გააკრიტიკა.

„ლა პულგას“ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა და მას ორწლიანი დისკვალიფიკაციაც ემუქრება. მესის მიერ გაჟღერებულ ფრაზებს ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და ერთ-ერთი მათგანი ბრაზილიის ნაკრების თავკაცი, ტიტე გახლდათ.

„სელესაოს“ დამრიგებელმა მესის კომენტარების შესახებ პერუსთან მოგებული ფინალის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა: „პიროვნებამ, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ნამდვილი უცხოპლანეტელია, მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და მარცხს ღირსეულად შეეგუოს. მსაჯმა რამდენიმე შეხვედრაში ჩვენც დაგვჩაგრა. არგენტინასთან კი მთელი მატჩის განმავლობაში სუფთად ვითამაშეთ“.

ბრაზილიის ნაკრების თავკაცი მესამე ადგილისთვის გამართულ დაპირისპირებაში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და განაცხადა: „მესი უსამართლოდ გააძევეს. მსაჯს წითელი ბარათი მედელისთვის უნდა ეჩვენებინა. ლეო კი მაქსიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდა“.

მესი "სელესაოს" ფეხბურთელებმაც გააკრიტიკეს და მას "ბარსელონაში" მსაჯის შეცდომებით მოგებული მატჩები შეახსენეს.

მარკინიოსი: „როდესაც ასეთი დონის მოთამაშე ასე საუბრობს, ეს გამაღიზიანებელია. მსაჯები „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების სასარგებლოდაც შემცდარან, თუმცა მაშინ მესი კორუფციაზე არ საუბრობდა.

ის დამარცხდა და მან ეს უნდა მიიღოს. ჩვენც დავმარცხდით. წავაგეთ მუნდიალზე ბელგიასთან, რომელიც თავს კარგად იცავდა. უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მივიღოთ მარცხი“.

ტიაგო სილვა: „ამის შესახებ კომენტარის გაკეთება რთულია. ხანდახან, როდესაც მარცხდები ცდილობ პასუხიმსგებლობა მოიხსნა და მარცხი სხვას გადააბრალო.

როდესაც ჩვენ „ბარსელონასთან“ 1:6 დავმარცხდით, მსაჯის სამარცხვინო პერფორმანსის შესახებ მესის არაფერი უთქვამს.

მან ეს ცხელ გულზე თქვა, თუმცა ფაქტია რომ ეს სიტყვები მისი პირიდან ამოვიდა. ჩვენ ვალდებულნი ვართ ისტორიას პატივი ვცეთ. გულზე 5 ვარსკვლავი ტყუილად არ გვაქვს და აქ მოპარული არაფერია“.

კაზემირო: „ვისაც პირი აქვს ყველას შეუძლია ილაპარაკოს ის რაც მათ სურთ. ეს დელიკატური საკითხია და ამაზე საუბარი ჩემი საქმე არ არის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები