Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" იგუდალას მაისურს ხმარებიდან ამოიღებს

„გოლდენ სტეიტ უორიორზი“ ანდრე იგუდალას 9 ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. როგორც მოგეხსენებათ „მეომრებმა“ 35 წლის კალათბურთელი გაცვალეს და „მემფისში“ გაუშვეს, თუმცა ოკლენდელთა ხელმძღვანელობა მაინც აპირებს ანდრეს გაწეული სამუშაო დაუფასოს.

რამდენიმე საათის წინ „გოლდენ სტეიტის“ მესვეურებმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელეს, რომელშიც იგუდალას ტრეიდი ოფიციალურად დაადასტურეს და მას მადლობა გადაუხადეს.

განცხადებაში „უორიორზის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯო ლეიკობი სამომავლო გეგმებსაც შეეხო და დაადასტურა, რომ „მეომრები“ „იგის“ მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ.

იგუდალა „გოლდენ სტეიტის“ რიგებში 6 წლის განმავლობაში გამოდიოდა. 2015 წელს ოკლენდელები NBA-ს ჩემპიონები გახდნენ და ლარი ობრაიენის თასს 40 წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლნენ. იგუდალამ „უორიორზის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ფინალური სერიის MVP-ს ჯილდოც დაისაკუთრა.

35 წლის კალათბურთელი „გოლდენ სტეიტში“ საშუალოდ 7.3 ქულა, 3.9 მოხსნას, 3.4 შედეგიან გადაცემას და 1.1 ჩაჭრას აგროვდება. იგუდალა გუნდის ემოციური ლიდერი გახლდათ და უმეტეს შემთხვევაში შავი სამუშაოს შესრულებაზე იყო ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები