ლოსაბერიძე:''ქართველებს რუსების დამარცხება მხოლოდ რაგბში შეუძლიათ''
Aa
Aa

ლოსაბერიძე:''ქართველებს რუსების დამარცხება მხოლოდ რაგბში შეუძლიათ''

რუსული რაგბის მმართველი ორგანოს ყოფილმა პრეზიდენტმა მამუკა ლოსაბერიძემ 27 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებს შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩის შესახებ ისაუბრა. ქართული გვარის მქონე რუსმა გააკრიტიკა ქართველი ქომაგები, რომლებიც რუსეთთან მატჩისას აგრესიული მოწოდებებით გამოირჩევიან. მან ასევე ისაუბრა იმ ქართველი მორაგბეების შესახებ, რომლებიც ამჟამად რუსულ გუნდებში ასპარეზობენ.

მამუკა ლოსაბერიძე:''არ მაქვს ინფორმაცია საბა ილურიძესთან და რევაზ ბროძელთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს. რუსეთის რაგბის ფედერაცია არ ზღუდავს უცხოელი მორაგბეების რუსულ კლუბებში გადასვლას, რაც ჩემი აზრით შეცდომაა. ჩვენ ლეგიონერები არ გვჭირდება, როცა უამრავი ახალგაზრდა მორაგბე სათადარიგოთა სკამზე ზის. შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა და ვფიქრობ 4 წელი შვიდკაცა რაგბიში ლეგიონერები არ უნდა ვათამაშოთ.

რუსეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეების მხოლოდ 3 ან 4 პროცენტია მაღალი დონის მოთამაშე. მაგალითად, მალაღურაძე, კაჭარავა, გაჩეჩილაძე და ფრუიძე. სხვა ქართველები საქართველოშიც არავის სჭირდება. მათ მიმართ ინტერესი რომ იყოს, ახლა საფრანგეთში ითამაშებდნენ. ისინი ვერ გამოირჩევიან და ადგილობრივზე ოდნავ ძლიერი ლეგიონერის ჩამოყვანა სწორი არაა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოსთან ყოველ წელს ვთამაშობთ. როცა მატჩი საქართველოში იმართება, ქართველი ქომაგები რუსეთის ნაკრების მორაგბეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ უკიდურეს უპატივცემლობას გამოხატავენ. რუსეთის ჰიმნის დროს ფეხზე არ დგებიან, ''უკრაინას'' სკანდირებენ და მტრულ მოწოდებებს გაჰყვირიან. რუსი ქომაგი ასე არ იქცევა.

როცა გაირკვა, რომ მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში საქართველო-რუსეთის მატჩი გაიმართებოდა, გამოვხატე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ეს შეხვედრა როგორც ტექნიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ გვჭირდება. საქართველოში რაგბი რელიგიაა და ეს ერთადერთი რამ არის, რაშიც საქართველოს რუსეთის დამარცხება შეუძლია. მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე რომ გაიმართოს, ქართველები ამ შეხვედრასაც დიდი რაოდენობით დაესწრებიან.

დარწმუნებული ვარ ქართველი მორაგბეები მიიღებენ ბრძანებას, რომ რუსი მოთამაშეების წინააღმდეგ აგრესიულად ითამაშონ და მათ ტრავმა მიაყენონ.''

ცხელი ამბები