Aa
Aa

ბუფონი: „პარმაში“ თამაშისას ამ ნომერმა იღბალი მომიტანა"

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსში“ 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „ჯიჯიმ“ სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, რის შემდეგაც „ბიანკონერისთან“ 1-წლიან ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი.

ლეგენდარულმა მეკარემ პრესკონფერენციაც მოაწყო, რომელზეც არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა. ბუფონის განცხადებით, იგი მომავალ სეზონში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, კაპიტნის სამკლაური კი ჯორჯო კიელინის დარჩება.

„77 ნომრის აღებას ჩემთვის ისტორიული ხასიათი აქვს. „პარმაში“ თამაშისას ამ ნომერმა იღბალი მომიტანა და ის ნამდვილად მომწონს. შესნის, პირველნომრიანი მაისურის შეთავაზებისთვის, დიდ მადლობას ვუხდი, ასევე კიელინის, რომელმაც კაპიტნის სამკლაურის დათმობის ინიციატივა გამოთქვა. ვფიქრობ, ძირითად მეკარე შესნის პირველი ნომერი უნდა ეცვას, კაპიტნად კი ისეთი დიდი ფეხბურთელი გვყავს, როგორიც ჯორჯო კიელინია.

შესანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის საშუალება მეძლევა. გასულ სეზონში პსჟ-ს რიგებში ორი ჩემპიონის - მბაპესა და ნეიმარის გვერდით ვითამაშე, ახლა კი მადლობა „იუვეს“, რომ იგივე სახის საჩუქარი უკვე რონალდუს სახით მექნება.

მაურიციო სარის უკვე შევხვდი და მან ჩემზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა. ისეთივე, როგორიც ყველა ადამიანზე, როცა „იუვეში“ პირველი პრესკონფერენცია გამართა“.

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინული გრანდის შემადგენლობაში 2001-2018 წლებში თამაშობდა და მისი მაისურით 700-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები