Aa
Aa

1:1 უიმბლდონზე! - ნადალმა კირგიოსთან რევანში აიღო

უიმბლდონის მე-4 სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა რაფაელ ნადალსა და ნიკ კირგიოსს შორის გაიმართა. ნიჭიერმა ავსტრალიელმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და უკეთესი შედეგის მიღწევაც შეეძლო, მაგრამ „მატადორმა“ ჩვეულ სტილში იასპარეზა და 4 სეტში იმარჯვა.

პირველი და მეორე სეტი ჩოგბურთელებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს, მესამე და მეოთხე პარტიაში კი ბრეიკ-პოინტიც არ ყოფილა და ორივე შემთხვევაში ტაიბრეიკზე ნადალი უკეთესი იყო, რამაც იგი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3; 3:6; 7:6; 7:6. რაფას შემდეგი მეტოქე ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება, რომელსაც ტურნირზე ჯერ სეტი არ წაუგია.

კირგიოსთან გამარჯვებით, რაფამ მასთან უიმბლდონზე ანგარიში გაათანაბრა. 2014 წელს, ყველასათვის უცნობმა 19 წლის ჩოგბურთელმა ესპანელი ლეგენდა ასევე 4 სეტში დაამარცხა.

საათსა და 39 წუთში მოამთავრა საქმე როჯერ ფედერერმა. „მაესტრომ“ ახალგაზრდა ბრიტანელ ჯეი კლარკს შანსი არ დაუტოვა, 6:1; 7:6; 6:2 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში ფრანგ ლუკა პუიეზე გავიდა.

უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეორე ეტაპზე გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა ადგილობრივ დანიელ ევანსთან 3 სეტში წააგო - 3:6; 2:6; 6:7. ამის მიუხედავად, ბასილაშვილმა უიმბლდონზე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილამდე დააწინაურებს.

დღის მთავარი სენსაცია პორტუგალიელ ჟოაო სოუზას სახელს უკავშირდება, რომელმაც მარინ ჩილიჩი, დამაჯერებლად და საკუთარი ჩაწოდების წაუგებლად - 6:4; 6:4; 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩილიჩმა 12-დან ვერცერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და ტურნირი ადრეული ეტაპიდან დატოვა.

თავისი მატჩი დათმო ჯონ ისნერმაც, რომელსაც 5-სეტიან ბრძოლაში მიხაილ კუკუშკინმა აჯობა, კეი ნიშიკორი, სემ ქუერი და იან-ლენარ შტრუფი კი შემდეგ წრეში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები