საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსს 88:59 მოუგო
Aa
Aa

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსს 88:59 მოუგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში მორიგი მოსამზადებელი მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და იოლად  ანგარიშით 88:59 დაამარცხა.

ბელარუსის ნაკრები საქართველოში 2 ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ჩამოვიდა და გლიგორიევიჩის გუნდს დღეს 18:00 საათზე კიდევ ერთხელ გაეჯიბრება.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აქამდე საწვრთნელი შეკრება სლოვენიასა და უკრაინაში გამართა, სადაც მთლიანობაში 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დღევანდელ შეხვედრაში ქართველებმა დიდებულად ითამაშეს, რაც გამარჯვების საფუძველი გახდა.

მატჩის გამორჩეულ მოთამაშეებს, აღსანიშნავია კოკა ფიფიას ზუსტი მიზანი, რომელმაც პირველ პერიოდში 3 სამქულიანი ჩააგდო და სათავე დაუდო საქართევლოს ნაკრების მყარ ლიდერობას.

საბოლოოდ ფიფიამ 17 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა მეცხვარიშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მილოშ გლიგორიევიჩმა თითქმის ყველას მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დრო მისცა და ქულების მითვლა ყველა მათგანმა შეძლო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები