არიენ რობენმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

35 წლის ჰოლანდიელი შემტევი, არიენ რობენი დიდი ფეხბურთიდან წავიდა. "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილ მოთამაშეს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ ამოეწურა და იყო საუბარი, რომ ჰოლანდიაში ან აშშ-ში იასპარეზებდა, თუმცა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"ამის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი. როგორც იცით "ბაიერნის" მაისურით ჩატარებული უკანასკნელი მატჩის შემდეგ პაუზა ავიღე, რათა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არჩევანი გამეკეთებინა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელის კარიერას წერტილი დავუსვა.

ორი აზრი არაა, რომ ჩემს კარიერაში ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო. გადაწყვეტილება, რომლის მიღებისას გული და გონება ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ფეხბურთის სიყვარული გარწმუნებს, რომ მთელ მსოფლიოსთან გამკლავება კვლავ შეგიძლია, მაგრამ რეალობა ის გახლავთ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც გინდა და 16 წლის ბიჭი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ტრავმა რა იყო, აღარ ხარ.

ამ მომენტში თავს კარგად ვგრძნობ და როგორც სპორტის სხვა სახეობების დიდ გულშემატკივარს მინდა მომავალშიც ასე იყოს. ასე რომ ფეხბურთის თამაშს აუცილებლად შევწყვეტ, რადგან ასე სჯობს - განაცხადა რობენმა.

ჰოლანდიელმა გარემარბმა კარიერა "გრონინგენში" დაიწყო, საიდანაც "პსვ-ში" გადავიდა. არიენისთვის პირველი უცხოური გუნდი "ჩელსი" გახლდათ. რობენმა "სტემფორდ ბრიჯზე" სამი სეზონი გაატარა. 2007 წლის აგვისტოში კი "რეალს" მიაშურა. "სამეფო კლუბიდან" ჰოლანდიელი "ბაიერნში" წავიდა და "რეკორდმაისტერის" ღირსებას კარიერის ბოლომდე იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები