ბასილაშვილი უიმბლდონს მეორე წრიდან გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი უიმბლდონს მეორე წრიდან გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ დანიელ ევანსთან 3 სეტში დამარცხდა.

ევანსი შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია და ბოლო ერთ თვეში ბალახზე ჩატარებული 16 მატჩიდან 14 თავის სასარგებლოდ დაასრულა. დღევანდელი შეხვედრის საწყისი ორი სეტიც დამაჯერებლად მოიგო, მესამე პარტიაში კი მატჩზე ჩაწოდებისას გეიმი დაკარგა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.

ტაიბრეიკზე ბასილაშვილს შეცდომათა მთელი კასკადი ჰქონდა და უმნიშვნელოვანესი ქულები ბადესთან, მარტივ სიტუაციაში, უხეში შეცდომებით გაანიავა, რამაც თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა - 3:6; 2:6; 6:7.

ქართველმა 3 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 71-დან 42 (59%), ხოლო მეორეზე 39-დან 17 (44%) ქულა მოიგო. ორი ბრეიკი შეასრულა, თავად კი ჩაწოდება 6-ჯერ დაკარგა. 32 ვინერსი მიითვალა და 48 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ევანსმა 23 ვინერსთან ერთად, მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილმა გასული წლის უიმბლდონზე პირველსავე წრეში წააგო, შესაბამისად, მას რეიტინგში 45 ქულა მოემატება და მომდევნო კვირიდან, დიდი ალბათობით, მსოფლიო კლასიფიკაციაში კიდევ უფრო წინ წაიწევს. ნიკა ამჟამად რეიტინგის მე-16 საფეხურზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები