კასილიასმა ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

კასილიასმა ვარჯიში განაახლა

ინსულტისა და გულის სერიოზული პრობლემების შემდეგ იკერ კასილიასი საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა და "პორტუსთან" ერთად დღეს პირველად ივარჯიშა.

პორტუელებმა ახალი სეზონისთვის მზადება სწორედ დღეს დაიწყეს, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო კასილიასი ექიმების პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშაა და მათი განსაკუთრებული ყურადღების ფონზე ივარჯიშებს. ჯერობით გადაწყვეტილი არაა, რომ ლეგენდარული ესპანელი კარიერას განაახლებს.

როგორც პორტუგალიური პრესა წერს, "პორტუს" სამწვრთნელო შტაბი კასილიასის ჯანმრთელობის შესაბამისად იმოქმედებს და ახალ მეკარეს საჭიროების შემთხვევაში მოძებნის. ფაბიანო ფრეიტასს "დრაკონებთან" კონტრაქტი ამოეწურა, დიოგო კოშტა კი იჯარის წესით "პასუშ დე ფერეირაში" ითამაშებს, ასე რომ, გუნდში კასილიასის შემცვლელი ამ ეტაპზე პრაქტიკულად არაა.

კასილიასს ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, რის შემდეგაც იგი და "პორტუ" საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მხარეებს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვთ გაფორმებული და სურვილის შემთხვევაში, მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეუძლიათ.

კლუბის პრეზიდენტმა, ჟორჟე ნუნო დე ლიმა პინტუ და კოშტამ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ "პორტუ" ახალ მეკარეს შეიძენდა და პრესაშიც დაიწერა, რომ პორტუგალიური გრანდი მოლაპარაკებებს თვით ჯანლუიჯი ბუფონთან აწარმოებდა, თუმცა ამ საკითხზე რამდენიმე დღეა აღარაფერი თქმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები