Aa
Aa

გუარდიოლა: "სიტიში ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა "ეტიჰედ სთედიუმზე" თავს ბედნიერად გრძნობს და გერმანიაში ან ესპანეთში წასვლას არ აპირებს.

გასულ კვირას 48 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან "ბარსელონაში" აუცილებლად დაბრუნდებოდა. გუარდიოლას განცხადება უცხოურმა ტაბლოიდებმა აიტაცეს და პეპს ბრიტანეთის დატოვება უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მის სამომავლო გეგმებში ნავსაყუდელის გამოცვლა არ შედის

"ქალაქელთა" თავკაცი ამ საკითხის შესახებ კატალონიურ გამოცემა ARA-ს ესაუბრა და აღნიშნა: "სიტიში ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. ესპანეთში მუშაობა ძალიან ძნელია, რადგან იქ ემოციური ფონი მუდამ დაძაბულია და პრესკონფერენციების გამართვა ადვილი ნამდვილად არ გახლავთ.

აქ ყველაფერი მაქვს, რაც ჩემი საქმის შესასრულებლად მჭირდება. ბარსელონაში ან გერმანიაში არ დავბრუნდები. სხვაგან სად შეიძლება იყოს ასეთი კარგი ინფრასტრუქტურა და თან ისეთ ჩემპიონატში მივიღო მონაწილეობა, როგორიც პრემიერ ლიგაა".

ინტერვიუს მიმდინარეობისას გუარდიოლა ნეიმარი "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებასაც შეეხო და განაცხადა: "ნეიმარი განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ იგივე ფეხბურთელი იქნება თუ არა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები