Aa
Aa

"ბარსა" გრიზმანში 120 მილიონს არ გადაიხდის - თანხას პლუს მოთამაშე... ეს ყველაფერი ნეიმარისთვის?

ესპანური პრესა 2 დღეა იუწყება, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

1 ივლისს ანტუანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონიდან 120-მდე ჩამოდის და ყველა ელის, რომ "ბარსა" მას მარტივად გაიფორმებს.

დღეს Mundo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" გრიზმანის სანაცვლოდ 120 მილიონის გადახდას არ აპირებს.

კატალონიელები მოლაპარაკებების შედეგად ფასის დაკლებას იმედოვნებენ. არ არის გამორიცხული ტრანსფერში ნელსონ სემედუც ჩართონ და გარკვეულ თანხასთან ერთად "როხიბლანკოს" პორტუგალიელი განაპირა მცველი დაუთმონ.

დღევანდელი სატრანსფერო ფასებიდან გამომდინარე 28 წლის გრიზმანში 120 მილიონი საკმაოდ მისაღები თანხაა, მაგრამ რატომ არ იხდის "ბარსა" პირდაპირ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - ნეიმარი.

კატალონიელები ფულს ზოგავენ, რომ შემდეგ ნეიმარის ტრანსფერზე მთელი ძალებით გადაერთონ.

გრიზმანის გამოსასყიდ 120 მილიონ ევროს ევროპაში რამდენიმე გუნდი თავისუფლად გადაიხდის და "ბარსაც" ამ მხრივ არ გარისკავდა ყველაფერში დარწმუნებული, რომ არ იყოს. ფეხბურთელთან უკვე ყველა დეტალი შეთანხმებულია და ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკებების დროა.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ივლისის პირველივე დღეებში გაოფიციალურდება და შესაძლოა ამ ყველაფერს ნელსონ სემდუც შეეწიროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები