ერთ დღესაც, შესაძლოა ძალიან მალე, გოგა ბითაძის სახელი ყველას ეცოდინება

სიახლე 28.06.2019
A+ A- 10:22

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapolis Star-ში და სხვა ცნობილ გამოცემებში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

ბობი „ინდიანა პეისერსის“ შესახებ ხშირად წერს და ამჯერად საკმაოდ გრძელი და საინტერესო სტატია ქართული კალათბურთის ამომავალ ვარსკლავს, გოგა ბითაძეს მიუძღვნა.

***

რუსეთის არმია საქართველოსკენ მიიწევდა, რათა დაესაკუთრებინა იმ სახელმწიფოს ტერიტორია, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

საქართველომ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა 2008 წელს რუსები კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ! ამჯერად მათი მიზანი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დაბრუნება გახლდათ.

საბრძოლო შეტაკებების შედეგად ქართველები იძულებულები გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე სამხედრო ბაზა მოეწყო და მოკლე, მაგრამ სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, საქართველომ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლი დაკარგა.

კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე საგარეჯოში, გოგა ბითაძე და მისი ოჯახის წევრები მოვლენებს ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს. ისინი ამაყ და დამოუკიდებელ საქართველოში რუსების შემოჭრით შეძრწუნებულები იყვნენ. გოგამ იცოდა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. სიტუაციის გასაანალიზებლად ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო. მშობლების სახეებზე აღბეჭდილი შიშის ხილვის შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდებოდა. ზუსტად მაშინ ბითაძემ გადაწყვიტა მომენტით ესარგებლა და სუპერგმირის როლი მოერგო. გოგა ოჯახისა და სამშობლოს დასაცავად ემზადებოდა!

"მახსოვს ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, "მე თქვენ დაგიცავთ! ნუ ღელავთ, მე თქვენთან ვარ. გამოუშვით, მე დაგიცავთ"! ისინი კი მპასუხობდნენ "გოგა, შენ ვერავის დაიცავ"! 

"არ ვნერვიულობდი, მაგრამ ოჯახის ასეთ მდგომარეობაში ხილვა... ხომ გესმით, ომი მიმდინარეობდა და ხალხი იღუპებოდა. ეს ყველაფერი ძალიან რთული გადასატანი იყო"...

"დამალვას არ ვცდილობდით. უბრალოდ სახლში ვიყავით, ტელევიზორს ვუყურებდით და ვხედავდით, რომ ისინი ნელ-ნელა უფრო და უფრო გვიახლოვდებოდნენ. საბედნიეროდ ყველაფერი სწრაფად დასრულდა, მაგრამ ის 5 დღე ყველა ქართველისთვის წელიწადს უდრიდა. ტელევიზიით ბევრი მძიმე კადრი ვიხილეთ და ვნახეთ ოჯახები, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“.

"საქართველომ უამრავი ომი გადაიტანა. ქვეყანა რთულ მდგომარეობაში არაერთხელ იმყოფებოდა, მაგრამ ყველაფერს თავი დავაღწიეთ და ამან გაგვაძლიერა“ - აცხადებს გოგა.

რუსეთსა და საქართველოს შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობაა. რუსეთისთვის საქართველო არის ბავშვი, რომელიც ცუდად იქცევა და ამის გამო აუცილებლად უნდა დასაჯოს. რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები გააუქმა... 

ბითაძის სამშობლოში საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ჭრილობების გავლენა ახლაც იგრძნობა. საქართველო გახლავთ ქვეყანა, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა და გაიზარდა. ეს ფაქტი მოსახლეობის ნაწილს სიამაყის საბაბს აძლევს, ნაწილს კი - პირიქით... მოკლედ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობს და სახელმწიფო, სადაც წარსულის დავიწყებას ვერ ახერხებენ.

გოგა ბითაძემ კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო. 6 თვის შემდეგ მან თავისი სახლი, ოჯახი და მეგობრები მიატოვა და კარიერა სერბეთში განაგრძო. 

2018-19 წლების სეზონში იგი მონტენეგრულ „ბუდუჩნოსტში“ გადავიდა, რომელიც ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, „ევროლიგაზე“ ასპარეზობდა. მის მწვრთნელს ვარჯიშის რთული მეთოდები ჰქონდა და ამის გარდა ბითაძეს ურთულეს გამოწვევებთანაც მოუწია გამკლავება. გოგა იყო ბავშვი, რომელიც ზრდასრული მამაკაცების წინააღმდეგ ასპარეზობდა. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, თამაშიდან თამაშამდე ისინი როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად ბითაძეს ცდიდნენ და მის გამძლეობასა და შესაძლებლობების ზღვარს ამოწმებდნენ.

გოგამ დაბრკოლებები ღირსეულად გადალახა და სერიოზული პროგრესი განიცადა. იგი წინ მიიწევდა და სახელგანთქმული კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშისას, რომლებსაც სურდათ ქართველი ბიჭისთვის თავისი ადგილი მიეჩინათ, უკან არასდროს იხევდა. ევროლიგის ეგიდით მან 13 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას აგროვებდა. "პეისერსი" გოგას სტატისტიკური მაჩვენებლებით მოიხიბლა! ბითაძე ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობდა და მიუხედავად ამისა, მატჩის მიმდინარეობაზე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ახდენდა გავლენას.

"აქ საკმაოდ ძალისმიერ კალათბურთს მისდევენ. მათ (ევროლიგის ვეტერანებზე საუბრობს) არ მოვწონვართ, რადგან ახალგაზრდები ვართ. ზოგიერთი მათგანი დარწმუნებულია, რომ საკალათბურთო სამყაროს ჩვენზე გადაჭარბებული შეფასება აქვს. ჩვენ მუდამ ყურადღების ცენტრში ვართ და ისინი კი ისე გვიპირისპირდებიან, თითქოს ჩვენი მოკვლა სურთ. ყველა შეხვედრა ზუსტად ასეთი იყო! მათ ჩვენი მოკვლა უნდოდათ“ - ამბობს ბითაძე.

გასულ კვირას „ინდიანას“ პრეზიდენტმა, კევინ პრიჩარდმა და გოგამ ერთად ისადილეს და ევროპული ჯახები გაიხსენეს.  

"გოგა 28 და 32 წლის კაცების წინააღმდეგ თამაშობდა და მათთან ბრძოლისას არასდროს ნებდებოდა. ერთ კალათბურთელზე მესაუბრა, რომელსაც მეც ვიცნობ და მომიყვა როგორ სურდა მას გოგას განადგურება. რა თქმა უნდა ბითაძემ საკადრისი პასუხი გასცა“.

"სიმართლე გითხრათ ვთვლი, რომ ის ინდიანასთვის ზედგამოჭრილი კალათბურთელია. გოგას სკოლა ამერიკაში რომ დაემთავრებინა და შემდეგ ერთი წელი კოლეჯში გაეტარებინა, გაგიკვირდებოდათ ჩვენამდე არავინ რომ არ აირჩია" - აცხადებს კევინ პრიჩარდი.

ბითაძეს კალათბურთი 6 წლის ასაკში შეუყვარდა, რაც დიდწილად მამამისის დამსახურება გახლდათ. გოჩა კალათბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა, თუმცა შემდეგ ბედი ჭიდაობაში სცადა. მართალია მაშინ საქართველოში NBA-ს მატჩების ტრანსლაცია ხორციელდებოდა, მაგრამ შეხვედრები ადგილობრივი დროით ღამის 3 და 4 საათზე იწყებოდა. ამიტომ გოგა ძირითადად საუკეთესო მომენტების ხილვით კმაყოფილდებოდა.

საქართველოდან NBA-ში მოხვედრა ადვილი ნამდვილად არაა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციციაში ამ ქვეყანამ მხოლოდ 6 მოთამაშე გაგზავნა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ზაზა ფაჩულიაა. Big Z გოგას კერპი და მენტორია.

"რამდენიმე წლის წინ NBA-ს თამაშების ნახვის საშუალება არ გვქონდა. მაშინ საქართველოში რთული პერიოდი იდგა. თუმცა მოგვიანებით, როცა შანსი მომეცა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შეხვედრა ვიხილე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვუყურებდი სუპერგმირებს, რომლებიც კალათბურთს თამაშობდნენ“.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ NBA-ში მოვხვდებოდი, თუმცა ერთ მომენტში გავაანალიზე, რომ ნელ-ნელა ოცნებას ვუახლოვდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვებმა თუ შეძლეს მოხვედრა, მიზანს მეც მივაღწევდი და ყოველდღე NBA-ში თამაშზე ვოცნებობდი“ - იხსენებს ბითაძე.

გოგასთვის ყველაფერი სწრაფად მოხდა. მან ოჯახი დატოვა, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდა, უცხო ენა შეისწავლა, ახალ კულტურას ეზიარა და ეს ყველაფერი მეჩვიდმეტე დაბადების დღემდე მოასწრო.

"რთული პერიოდი გამოვიარე. ჩემი ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდა, თუმცა დამოუკიდებლად ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა" - აღნიშნავს გოგა.

ფაქტი, რომ ბითაძემ რთული პერიოდი გამოიარა, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც „პეისერსს“ მის მიმართ სიმპათიები აქვს.  დამოუკიდებლად ცხოვრებამ გოგას მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბა და გააძლიერა. 

"სან ანტონიოში როცა ვიყავი და ტონი პარკერი ავირჩიეთ, ვიცოდით, რომ იგი NBA-სთვის მზად იყო, რადგან მაღალი დონის და მასზე უფროსი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო. ნიკოლას ბატუმთან დაკავშირებითაც იგივე მოხდა. ვფიქრობთ გამონაკლისი არც გოგა იქნება და იგი გუნდს სარგებელს პირველივე სეზონში მოუტანს. ზოგიერთ კალათბურთელს, რომელსაც დრაფტზე ვირჩევთ გამოწრთობა სჭირდება, გოგა ერთ-ერთი მათგანი არაა. მან ყველაფერი კარგად იცის“.

"ბითაძეს ისეთ მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა, რომლებიც ვარჯიშების ურთულესი მეთოდებით გამოირჩევიან. განსაკუთრებით სერბეთში, სადაც ყველა სპეციალისტი ბობ ნაითის კლონია. ისინი შენი პოტენციალის გამოსავლენად უკან არაფერზე იხევენ და ყოველდღე საქებარი სიტყვებით არ გამკობენ. ორი აზრი არაა, რომ გოგამ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა და მწვრთნელების დახმარებით პროგრესი განიცადა".

"ევროპაში საკალათბურთო გუნდში მისვლის შემდეგ ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორც პარკეტზე, ასევ მის მიღმა უკეთეს პიროვნებად იქცე. ამერიკაში ასე არაა. აქ მხოლოდ გამარჯვებაზე არიან ორიენტირებულები. ბითაძე პერიმეტრიდან 41 პროცენტით ისვრის, რაც ევროპელი მწვრთნელების დამსახურებაა. ისინი კალათბურთელებს ასწავლიან სწორად როგორ ითამაშონ და პარკეტზე გასვლის პირველივე დღეს გამარჯვებას არ სთხოვენ“.

"ევროთასებზე უფრო მაღალი დონის კალათბურთს თამაშობენ, ვიდრე G ლიგაში და კოლეჯში. ჩემი აზრით "ცსკასა" და "კანზასს" შორის სერია რომ გაიმართოს, გამარჯვებას რუსები მოიპოვებენ. ევროპაში ახალგაზრდა კალათბურთელებს უკეთ ავითარებენ, ვიდრე ამერიკაში“ - აცხადებს "ინდიანას" პრეზიდენტი, კევინ პრიჩარდი.

"პეისერსის" მმართველი გოგას სხვა მიზეზის გამოც აფასებს. ბითაძემ „ინდიანას“ შესახებ ყველაფერი იცის. ორი წლის წინ მან „კავალიერსთან“ გამართული შვიდმატჩიანი სერიის ყველა მატჩი იხილა და „პეისერსის“ გუნდური კალათბურთით მოიხიბლა.  

ქართველი 2019 წელს არჩეულ მოთამაშეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რაც დრაფტის წინა დღეს გადაღებულ ფოტოს უკავშირდება. ფოტოს, რომელზეც გოგასა და ზაიონ უილიამსონს ვხედავთ... ამ ფოტოს ამერიკულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველ კალათბურთელს მხარდაჭერა NBA-ს სუპერვარსკლავებმა გამოუცხადეს, რომელთა შორის დრეიმონდ გრინი და დუეინ უეიდი იყვნენ. ბითაძეს შესახებ ფაჩულიამაც გააკეთა კომენტარი.

გოგას ოჯახი მომხდარს გაგებით მოეკიდა, თუმცა ამერიკელმა ჟურნალისტებმა ბითაძის გარემოცვის გაბრაზება მაინც მოახერხეს. საქმე დრაფტის საღამოს ეხება. როგორც მოგეხსენებათ კალათბურთელები დრაფტზე არჩევის შემდეგ ESPN-ს ინტერვიუს აძლევდნენ, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცემდნენ. ერთადერთი გამონაკლისი გოგა აღმოჩნდა. ESPN-მა მას ინტერვიუ ჩამოართვა, მაგრამ პირდაპირ ეთერში არ უჩვენებია. რატომ? ისევ და ისევ ზაიონი! ამ დროს უილიამსონის ინტერვიუ გადიოდა.

"ჩემი ოჯახის წევრები ინტერვიუს მოუთმენლად ელოდებოდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, როცა პირდაპირ ეთერში ვერ მიხილეს. თუმცა არაუშავს! პატივისცემა ზაიონს“ - დასძენს გოგა.

ინდიანაპოლისში „პეისერსის“ გადაწყვეტილებამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია და აუცილებელია ავხსნათ ასე რატომ მოხდა. 

პირველ რიგში „ინდიანას“ ქომაგებს გოგას თამაში არ ჰქონდათ ნანახი და მის შესახებ არაფერი იცოდნენ. თანაც „პეისერსის“ ზოგიერთმა გულშემატკივარმა პოლ ჯორჯის არჩევა არ მოიწონა და რა გასაკვირია, რომ ბითაძესთან მიმართებითაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.

მეორე მიზეზი "ინდიანაში" არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ნეით მაკმილანს ორი მაღალი, მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ჰყავს და "პეისერსის" ფანატებმა ვერაფრით ახსნეს მათმა საყვარელმა გუნდმა კიდევ ერთი ცენტრი რატომ დაიმატა. თანაც არავინ იცის მიიღებს თუ არა გოგა სათამაშო დროს.

პრიჩარდი დაჟინებით აცხადებს, რომ სამივე ცენტრი ახალი სეზონის სტარტზე გუნდში იქნება და ბითაძე იმიტომ არ აუყვანია, რომ უახლოეს მომავალში გაცვალოს. 

ერთი რამ დაიმახსოვრეთ - საბონისი მომდევნო სეზონის ბოლოს დიდ ანაზღაურებას მოითხოვს და თუ გოგამ საკუთარი პოტენციალი გამოავლინა, გამორიცხული არაა „პეისერსმა“ დომანტასი სეზონის მიმდინარეობისას გაცვალოს, რათა გუნდში არსებული პრობლემები მოაგვაროს და ქართველს მეტი სათამაშო დრო მისცეს.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა გამოვა, რომ „ინდიანა“ იპოვა კალათბურთელი, რომელსაც მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. ამასთან ერთად გოგა მოძრავი ცენტრია, Pick and Roll-ის დროს დაცვაში კარგად თამაშობს და დაფარებების განხორციელება მშვენივრად გამოსდის.

პრიჩარდს ესმის "ინდიანას" ქომაგები რატომ გაბრაზდნენ. მათ ვერ გაითავისეს ბითაძის აყვანა რა საჭირო იყო, როცა გუნდში ტერნერი და საბონისი ჰყავთ. თუმცა "პეისერსის" ფანატებს გოგა აუცილებლად შეუყვარდებათ. ამ ბიჭს საოცარი ხასიათი აქვს.

პირველ პრესკონფერნეციაზე ბითაძემ განაცხადა: „მინდა მოგესალმოთ  და ჩემ მიმართ გამოჩენილი სიყვარულისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან ვამაყობ და მიხარია. ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ. ამ ყველაფერს მთელი გულით გეუბნებით".

შემდეგ პაუზა...და...

"რა კითხვა დამისვით"???

ერთ დღესაც, შესაძლოა ძალიან მალე, გოგას სახელი ყველას ეცოდინება!

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“ და შაბათს გამართულ შეხვედრას საფეხბურთო სამყარო ...

„თუ მეტყვი, რომ შენ გიყვარს ფეხბურთი, და შენ არ გიყვარს „ბარსელონა“, ესეიგი შენ პრობლემა გაქვს“. ეს სიტყვები ტიერი ანრის ეკუთვ...

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისა და გუნდში მიყვანილი ვარსკვლავების შემდეგ ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი აქვს და "რეალი" მომავალ სეზონში ტაქტიკურად გაცილ...

რეკომენდებული სიახლეები
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილ...
14.10.2019
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...
14.10.2019
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...
14.10.2019
Crystalsport.ge  აგრძელებს გადაცემას , სადაც წარმატებული  სპორტსმენები დამწყებ  სპორტსმენებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გადაცემის ...
14.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩი...
14.10.2019
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ...
14.10.2019
"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რა...
14.10.2019
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირ...
14.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები