მაკარიძე: ჩაშლილი ტრანსფერი კლოპის გუნდში და აღფრთოვანებული ჟოაო ფელიშით
Aa
Aa

მაკარიძე: ჩაშლილი ტრანსფერი კლოპის გუნდში და აღფრთოვანებული ჟოაო ფელიშით

2008 წელს, როცა იურგენ კლოპი ''დორტმუნდში'' ახალი მისული იყო, გერმანული კლუბი 18 წლის გიორგი მაკარიძის გადაბირებასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ქართველმა მეკარემ კარიერა ფრანგულ ''ლე მანში'' გააგრძელა. პორტუგალიური ''სეტუბალის'' 29 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მაკარიძე CrystalSport-თან საუბარში კარიერის საინტერესო დეტალებს იხსენებს, რომლებიც შესაძლოა მკითხველთა დიდი ნაწილისთვის უცნობი იყოს.

რამდენიმე საინტერესო ფრაზა ინტერვიუდან

''...ვაისი ყოველი თამაშის წინ მაფრთხილებდა, რომ თავდამსხმელი არ მომეტყუებინა...''

''...ბენფიკასთან'' წინასწარი კონტრაქტიც გავაფორმე...  იქ თამაშის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ  ''ბრაგაში'' პირველ მეკარეობაზე უარი ვთქვი...''

''...ბუბა ტყავაძემ გადაწყვიტა, რომ დარჩენილი თვეები სარეზერვო გუნდში გამეტარებინა, რაც ჩემი ასაკის მოთამაშისთვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული გადასატანი იყო...''

''...2008 წელს ''დორტმუნდში'' შოთა არველაძის დახმარებით ერთი კვირით ჩავედი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო...''

- 17 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ თანაკლასელებისა და მასწავლებლების მხრიდან შენდამი დამოკიდებულება შეიცვალა? 

- უფრო მეტად ქუჩაში გამვლელი ხალხის მხრიდან შეიცვალა დამოკიდებულება, სკოლაში ნაკლებად. შოტლანდიასთან თამაშის მეორე დღეს სულ სხვა ადამიანად ვიგრძენი თავი.

- სკოლის მერხზე რა ისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი? -

- ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბება იყო, ფეხბურთზე სიარულის გამო გაკვეთილების გაცდენა ხშირად მიწევდა, მაგრამ მათემატიკა მიყვარდა და გამომდიოდა.

- 2017 წელს ''მორეირენსეს'' ხელმძღვანელების პირადმა ინტერესმა შენი კარიერული პროგრესი შეაფერხა? 

- დიახ, კლუბის პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგრესი განმეცადა, ჩემი სატრანსფერო თანხა შემცირებულიყო. ნახევარი სეზონი მხოლოდ ვვარჯიშობდი, მომზადება უმეტესად ინდივიდუალურად მიწევდა. ''ბრაგაში'' ტრანსფერზე უარი ვთქვი და პრეზიდენტი სწორედ ამიტომ მომექცა ასე.

- საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველად 19 წლის ასაკში ''სენტ-ეტიენთან'' ითამაშე. როგორი იყო შენი განცდები და ემოციები მატჩამდე და მატჩის შემდეგ?

- კარგად მახსოვს ეს პერიოდი, რადგან ჩემს კარიერაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თამაშის წინ ვინერვიულე , მწვრთნელმა 5 დღით ადრე თქვა, რომ მე ვითამაშებდი. ჟურნალისტებისგანაც დიდი ყურადღება მივიქციე, France Football-მა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამომართვა და ამ ყველაფერმა ემოციურად ჩემზე იმოქმედა. მთლიანობაში ''სენტ-ეტიენთან'' საშუალო დონეზე ვითამაშე.

- როგორ ფიქრობ რა დაგაკლდა იმისთვის, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა გქონოდა?

- ამ დონის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება არ მქონდა, ენა კარგად არ ვიცოდი, პროფესიულად ჩამოყალიბებული არ ვიყავი, ლიგა 1-ში მხოლოდ ორი თამაში ჩავატარე, შემდეგ მწვრთნელი შეცვალეს და ახალგაზრდა სპეციალისტი დანიშნეს, რომელიც 19 წლის მეკარეს არ ენდო და სეზონის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გავატარე. ამავე სეზონში ''ლე მანი'' ლიგა 2-ში გავარდა.

-  როცა 17 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში ითამაშე, თანაკლუბელებისგან ან ნაცნობებისგან შური იგრძენი?

- მაშინ პატარა ვიყავი, ვერც ვაცნობიერებდი შურს და მსგავს რაღაცებს. უარყოფითი დამოკიდებულება არავისგან მიგრძვნია, პირიქით ყოველთვის წარმატებებს მისურვებდნენ, მამხნევებდნენ, რაც ძალიან მიხაროდა.

- ''ლე მანში'' ამირან სანაიასთან და ვახტანგ ფანცხავასთან ერთად თამაშობდი. როგორ ატარებდით თავისუფალ დროს?

- ძალიან კარგი პერიოდი იყო. ძირითადად PlayStation-ს ვთამაშობდით . ფანცხავასთან ერთად ყოფნა მხოლოდ 5 თვე მომიწია, შემდეგ უკრაინაში წავიდა. უფრო დიდი ხანი სანაიასთან ერთად ვიყავი.  ვთამაშობდით ჩოგბურთს, კალათბურთს , ბოულინგს, ბილიარდს. თავისუფალ დროს ძირითადად სპორტულად ვატარებდით.

- ყველაზე მეტად რომელ ჩაშლილ ტრანსფერზე გწყდება გული?

დიდ გუნდში გადასვლის სამი შესაძლებლობა მქონდა, თუმცა არც ერთი გამოვიდა. 2008 წელს ''დორტმუნდში'' შოთა არველაძის დახმარებით ერთი კვირით ჩავედი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო. დეკემბერში გერმანიიდან წამოსვლის წინ გუნდის დირექტორმა მითხრა, რომ ენის სწავლის დაწყება უკვე შემეძლო და იანვარში ''დორტმუნდის'' ფეხბურთელი გავხდებოდი. მაშინ დეკემბერი იყო,  დანარჩენზე ჩემს ინგლისელ აგენტთან ისაუბრებდა.

''დინამოსთან'' კონტრაქტი დამთავრებული მქონდა და გერმანულ კლუბს ჩემს სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევდა. ამ ფაქტორის მიუხედავად კლუბის დირექტორი და აგენტი ვერ შეთანხმდნენ. პარალელურად ''ლე მანი'' გადაწყვეტილების მისაღებად მცირე დროს მაძლევდა, ფრანგული კლუბი კონტრაქტის გაფორმებისკენ მაჩქარებდა. გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას ერთი კვირა ველოდებოდი, აგენტი დროს მიწელავდა და ბოლოს ვუთხარი, რომ ''ლე მანის'' შემოთავაზებულ კონტრაქტს ხელს ვაწერდი. და ასეც მოხდა, ჩემი მომავალი ფრანგულ გუნდს დავუკავშირე. იმ პერიოდში ''ლე მანი'' საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო.

2011 წელს პსჟ-დან რეალური დაინტერესება იყო, პარიზული კლუბი მეორე მეკარედ განმიხილავდა, თუმცა ამ დროს კლუბი ყატარელმა შეიხმა შეიძინა და გუნდში ყველაფერი შეიცვალა. 2017 წლის ზაფხულში ლისაბონის ''ბენფიკაში'' გადასვლასთან ახლოს ვიყავი, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული. ''ბენფიკასთან'' წინასწარი კონტრაქტიც გავაფორმე, თუმცა მეც არ ვიცი რა მოხდა და რატომ ვერ გავხდი ''ბენფიკას'' ფეხბურთელი. ''ბენფიკაში'' თამაშის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ  ''ბრაგაში'' პირველ მეკარეობაზე უარი ვთქვი.

- როდესაც უცხოელ თანაგუნდელებს საქართველოს აცნობ, მათ რას უყვები სამშობლოზე?

- რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რომ უგემრიელესი სამზარეულო გვაქვს. ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად გვაქვს როგორც მთის, ასევე ზღვის კურორტები. ძირითადად არაევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულმა ფეხბურთელებმა არ იციან ხოლმე საქართველოს შესახებ, ევროპელებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, რაც ძალიან მახარებს.

- კლაუს ტოპმიოლერთან, ვინც პირველად გათამაშა ეროვნულ ნაკრებში, კარიერის მიმდინარეობისას კომუნიკაცია გქონდა ხოლმე?

- სამწუხაროდ, რაც ტოპმიულერი საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წავიდა, მასთან კომუნიკაცია არ მქონია. 

- პიროვნულად როგორ დაახასიათებ ტოპმიოლერს?

- ვერ დავახასიათებ, რადგან მაშინ ბავშვი ვიყავი და ურთიერთობაც არ მქონია, თუმცა, რაც მახსოვს, ძალიან კარგი პიროვნება იყო.

- კარიერის სტარტზე თბილისის ‘‘დინამოში’’ ყოფნისას ფსიქოლოგიური პრობლემები გქონდა?

ძალიან რთული პერიოდი იყო. 2007 წელს ეროვნულ ნაკრებში შოტლანდიასთან ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ თბილისის ''დინამომ'' კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი, არსებული კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი იყო დარჩენილი, ''დინამოს'' მმართველმა ბუბა ტყავაძემ გადაწყვიტა, რომ დარჩენილი თვეები სარეზერვო გუნდში გამეტარებინა, რაც 17 წლის მოთამაშისთვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული გადასატანი იყო.

- გასახდელიდან მინდვრისკენ მიმავალ გვირაბში გიჩხუბია ან გიკამათია?

- ძალიან ბევრჯერ მიკამათია, მაგრამ არასდროს მიჩხუბია, ყოველთვის ვახერხებ თავის გაკონტროლებას.

- ''ლე მანის'' მეკარეების მწვრთნელის, ოლივიე პედემასისგან მიღებული საუკეთესო რჩევა?

- ჩემთვის დღემდე ყველაზე გამორჩეული მეკარეების მწვრთნელია ოლივიე პედემასი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. კონკრეტულ დეტალს ვერ გამოვყოფ, რადგან რა სტილითაც ბავშვობიდან ვთამაშობდი, იმ სტილით ვთამაშობ დღემდე, ის მეხმარებოდა ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

-''პორტუსთან'' და მოლდოვის ნაკრებთან ცრუ მოძრაობებით მეტოქის ფორვარდები მოატყუე. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა რა გითხრეს ამასთან დაკავშირებით, შეგაქეს თუ გითხრეს, რომ რისკი არ იყო საჭირო?

- პორტუსთან თამაშის შემდეგ არაფერი უთქვამთ, რადგან ევროპაში მწვრთნელებს ასეთ მომენტებზე გართულება არ აქვთ, ამასთან ერთად ფორვარდის მოტყუება ხშირად მიწევს ხოლმე. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, როცა მათამაშებდა ყოველი თამაშის წინ მაფრთხილებდა, რომ თავდამსხმელი არ მომეტყუებინა.

-ყველაზე მეტად რომელ გაშვებულ გოლზე გწყდება გული?

-''ლე მანში'' ყოფნისას საფრანგეთის თასზე პსჟ-სთან მეოთხედფინალში ვითამაშე, ძირითად დროში გოლი არ გასულა, დამატებით დროში 110-ე წუთზე გამიტანეს, რაზეც ძალიან დამწყდა გული.

- ფორვარდი, რომლის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით გაგიჭირდა.

-გამოვარჩევდი ესპანელ როდრიგოს, მან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას 3 გოლი გამიტანა, თუმცა ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჟოაო ფელიშმა მოახდინა, რომლის წინააღმდეგ გასულ სეზონში ვითამაშე.

- კომპლექსი რომელიც უცხოეთში ცხოვრების პერიოდში დაძლიე.

-კომპლექსები ნაკლებად მაქვს, ვერაფერს ვიხსენებ.

- მას შემდეგ რაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს ტერიტორიაზე ფრენები აეკრძალათ, სოციალურ ქსელში ქართველები მათ ევროპელ მეგობრებს საქართველოში დასვენებას სთავაზობენ. შენს რომელ ამჟამინდელ ან ყოფილ თანაგუნდელს დაპატიჟებდი საქართველოში ერთი კვირით?

- წლებია გვინეა-ბისაუელი მეგობარი მყავს პელე, მას დავპატიჟებდი, ასევე იური რიბერიოსა და ტიაგო ალმეიდას, ჩემს საუკეთესო უცხოელ მეგობრებს. მივესალმები ბოლო დროს წამოწყებულ კამპანიას #spendyoursummeringeorgia, ზაფხულში საქართველოს ბევრი ტურისტის სტუმრობას ვუსურვებ.

-  რა არის შენი კარიერის უახლოესი მიზანი?

- მინდა ''სეტუბალში'' კიდევ ერთი სეზონი გავატარო. ეს ბოლო შანსია, რომ კარიერა უმაღლესი დონის კლუბში გავაგრძელო. იმედი მაქვს შევძლებ. ვნახოთ, ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ, დანარჩენი ღვთის ნებაა.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები