დაასრულეთ ყველაფერი 14 ივლისამდე!
Aa
Aa

დაასრულეთ ყველაფერი 14 ივლისამდე! "ბარსას" გეგმები გამოიკვეთა - ნეიმარის აჯანყების მოლოდინში

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კვირაზე ნაკლები რჩება. ყურადღების ცენტრში ამ მომენტისთვის ესპანური გრანდები „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მეტად აქტიურობენ და 1 ივლისიდან ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა.

ესპანური Mundo წერს, რომ ვალვერდე კლუბს ტრანსფერების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებას სთხოვს.

წყაროს ცნობით ბასკი სპეციალისტი საპნის ოპერების წინააღმდეგია და ახალწვეულების ლოდინს 2 სექტემბრამდე არ აპირებს.

„ბარსა“ ახალი სეზონისთვის მზადებას 14 ივლისს იწყებს და ვალვერდეს ამ დროისთვის ტრანსფერების ძირითადი ნაწილის განხორციელება სურს.

როგორც ცნობილია „ბლაუგრანა“ 2 შემტევის, მარცხენა მცველისა და ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს. მინიმუმ 4 მოთამაშეს შესაძლოა კიდევ რამდენიმე დაემატოს.

კატალონიელებისთვის ამ მომენტისთვის ნეიმარისა და გრიზმანის ტრანსფერი პრიორიტეტულია და მოლაპარაკებებში კლუბი მთელი ძალებითაა ჩართული.

ფაქტიურად ცნობილია, რომ „ბარსა“ ვეღარ შეიძენს დე ლიხტს, რომლის შემცვლელად კლუბს „მანჩესტერელი“ ვიქტორ ლინდელოფი ჰყავს შერჩეული.

თავის მხრივ „მანკუნიანელები“ სამუელ უმტიტის შეძენით ინტერესდებიან.

რაც შეეხება მარცხენა მცველს, ამ პოზიციაზე კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ამ ეტაპზე ფავორიტი გამოკვეთილი არ არის. სიაში ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი) და ალბერტო მორენო (ლივერპული) იმყოფებიან.

სავარაუდოდ გრიზმანს „ბარსა“ პირველ ივლისს მარტივად გაიფორმებს და ამ მხრივ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად მოხსნილია. ფრანგმა შემტევმა ინსტაგრამზე მინიშნებაც გააკეთა. გუშინ მან თავისი ფეხსაცმელების ფოტო ატვირთა, რომელსაც „ბარსას“ ფერებში წითელი და ლურჯი თასმები ჰქონდა...

ნეიმარი - ბრაზილიელის ირგვლივ მოვლენები ყველაზე საინტერესოდ ვითარდება. 100 მილიონი პლუს კოუტინიო, ან 100 მილიონს პლუს კოუტინიო და რაკიტიჩი-უმტიტის შორის რომელიმე.

მოკლედ, „ბარსას“ 100 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს და მზად არის მოლაპარაკებებში თავისი მოთამაშეები ჩართოს. როგორც დღეს დაიწერა პსჟ თანხასთან ერთად დემბელეს ითხოვს, რაც სიტუაციას უფრო აჭიანურებს, რადგან „ბარსა“ ფრანგის გაშვებას არ გეგმავს, თუმცა გამორიცხული არც ეს არის.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ნეიმარი დუმილის დარღვევას გეგმავს და 7-8 ივლისს პირველ საჯარო კომენტარს გააკეთებს. ესპანური პრესა ირწმუნება, რომ თუ იქამდე მისი ტრანსფერი არ გაოფიციალურდება ბრაზილიელი ფეხბურთელი პსჟ-ს აუჯანყდება.

ამ მომენტისთვის ყველაზე ნაკლებად საუბარი „ბარსას“ ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მიდის, რადგან ვალვერდეს საკმაოდ ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, რომელთაგან რამდენიმემ შესაძლოა გუნდი დატოვოს.

თუ წავიდა რაკიტიჩი და ასევე კოუტინიოც, მოსალოდნელი იქნება 1 ახალწვეულის შეძენა, თუმცა არის ერთი საინტერესო ვარიანტი, რომელიც მილანის „ინტერს“ უკავშირდება.

დე იონგის გაფორმების შემდეგ ნათელია, რომ არტურო ვიდალს სათამაშო დრო შეუმცირდება. ჩილელით კი „ნერაძური“ ინტერესდება და „ბარსას“ მის სანაცვლოდ რაჯა ნაინგოლანს სთავაზობს.

ნაინგოლანი დაახლოებით ვიდალის სტილის ხისტი ფეხბურთელია, თუმცა შეტევაში მისი თვისებები გაცილებით მრავალფეროვანია და ამ მხრივ არ არის გამორიცხული კატალონიელებმა ბარტერზე თანხმობა განაცხადონ.

გუნდმა უკვე გაყიდა ანდრე გომეში (25 მილიონი) და იესპერ სილესენი (35 მილიონი). პორტუგალიელი „ევერტონმა“ გაიფორმა, ხოლო ჰოლანდიელი „ვალენსიამ“.

"ბლაუგრანამ" დღეს "ღამურებიდან" 29 წლის გოლკიპერი ნეტო გაიფორმა, რომლის სანაცვლოდაც 26 მილიონი გადაიხადა.

„ბარსამ“ მოთამაშეები კიდევ უნდა გაყიდოს, რომ სატრანსფერო ფეარ პლეის წესები არ დაარღვიოს.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ბევრი აღარ რჩება და როგორც გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, ივლისის დასაწყისიდანვე მოვლენების საინტერესო განვითარებას ვიხილავთ.

როგორც "ბარსას" პრეზიდენტმა ბართომეუმ განაცხდა, "ეს ძალიან გრძელი ზაფხული იქნება".

P.S. დღეს გერმანულმა Bild-მა დაწერა, რომ „ბაიერნი“ დემბელეს შეძენის ვარიანტს განიხილავს და არ არის გამორიცხული ფრანგისთვის ბრძოლაში მიუნხენელებიც ჩაერთონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები