Aa
Aa

კროოსი: "რონალდუს ტრანსფერით ყველა ბედნიერი დარჩა"

გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ გამოცემა Bild-თან მოკლე კომენტარი გააკეთა. კროოსი აცხადებს, რომ პორტუგალიელის ტურინში წასვლით ყველა კმაყოფილი დარჩა.

„უცნაური იქნება თუ ვიტყვი, რომ მისნაირი ფეხბურთელი გუნდში არ მოენატრებათ. მოთამაშე, რომელმაც არაერთი მატჩის ბედი გადაწყვიტა. მეორე მხრივ, მისმა ტრანსფერმა ყველა კმაყოფილი დატოვა და გააბედნიერა. თავად ახალი გამოწვევა სურდა, „რეალმა“ კი უამრავი ფული მიიღო“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც კროოსი შეეხო, „მანჩესტერ სიტის“ მისდამი ინტერესია. 29 წლის შუახაზელმა ინგლისელთა დაინტერესება გამორიცხა, რადგან მის წარმომადგენლებს „ქალაქელთაგან“ არავინ დაკავშირებია.

„პრესაში ასეთი რამ რამდენჯერმე მართლაც დაიწერა, თუმცა „სიტისგან“ აქამდე არანაირი შემოთავაზება არ მქონია. შესაბამისად, აღნიშნულ ჭორებს სრულიად გამოვრიცხავ“.

„რეალის“ ერთ-ერთ ლიდერს კარიერის დასრულების შესახებაც ჩამოუგდეს სიტყვა, რაზეც თქვა, რომ აქტიური სპორტიდან წასასვლელად, მაგალითად, 33 წელი სათანადო ასაკია.

„ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2023 წელს სრულდება, რა დროსაც 33 წლის ვიქნები და ეს ასაკი კარიერის დასასრულებლად სრულიად შესაფერისია. მექნება საშუალება, სხვაგვარი გადაწყვეტილებაც მივიღო, ამიტომ მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები