Aa
Aa

რივალდო ვან გაალს გამოეხმაურა და მესი და ნეიმარი დაიცვა

„მანჩესტერისა იუნაიტედისა“ და „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა, ლუის ვან გაალმა რამდენიმე დღის წინ EL Pais-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მესი და ნეიმარი მკაცრად გააკრიტიკა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ინდივიდუალური სტილით გამოირჩევიან და გუნდური ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ.

ვან გაალის კრიტიკას მისი ყოფილი შეგირდი, რივალდო გამოეხმაურა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მესი და ნეიმარი დაიცვა და აღნიშნა: „მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან. ხშირ შემთხვევაში გუნდსა და მთავარ მწვრთნელს წარმოდგენა არ აქვთ ისინი არაამქვეყნიურ დონეზე თამაშს როგორ ახერხებენ. არსებობენ სპეციალისტები, რომლებსაც ასეთი ფეხბურთელები არ მოსწონთ, რადგან მათ გამო ყურადღების ცენტრში ვეღარ ხვდებიან. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ამა თუ იმ მოთამაშეს გუნდური ფეხბურთის თამაში არ შეუძლია და მხოლოდ ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.

ფეხბურთს 24 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ვიცნობ სპეციალისტებს, რომლებიც თავის დროზე საშუალო დონის ფეხბურთელები იყვნენ. ზოგიერთ მათგანს ფეხბურთი არც უთამაშია. თანამედროვე სპეციალისტები კი თვლიან, რომ თუ რომელიმე კლუბი გუნდურ ფეხბურთს თამაშობს ეს კარგი მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

თუ პელე, კრუიფი, რიველინო, გარინჩა, მესი, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ზიდანი, რომარიო, კაკა, მარადონა, ზიკო, მბაპე ან ფიგუ გყავს, წარმატების მიღწევა გაგიადვილდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონი აუცილებლად გახდები. მეორე მხრივ თუ შენი კოლექტივი ტაქტიკურად გამართულ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობს ჩემპიონობა გარანტირებული ნამდვილად არ გაქვს.

პირადად მე უპირატესობას განსაკუთრებულ მოთამაშეებს ვანიჭებ, რადგან ფეხბურთით სიამოვნების მიღება მსურს და მინდორზე რაღაც არაამქვეყნიურის ხილვა ყველას მოსწონს. კლუბი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, მაგრამ განსაკუთრებული ფეხბურთელების ყოლა აუცილებელია. ისინი მოედანზე სასწუალებს ახდენენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები