Aa
Aa

ეტოო სალაჰს "ბარსელონაში" გადასვლისკენ მოუწოდებს

მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი, სამუელ ეტოო მოჰამედ სალაჰს მოუწოდებს შანსის მიღების შემთხვევაში კარიერა „კამპ ნოუზე“ გააგრძელოს.

27 წლის შემტევის შეძენით „სამეფო კლუბია“ დაინტერესებული, თუმცა კამერუნელი ლეგენდა თვლის, რომ სალაჰისთვის საუკეთესო ვარიანტი „ბარსელონა“ გახლავთ.

ეტოომ „ეგვიპტელი მეფის“ შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „მართალია „რეალმა“ აფრიკის დატოვების შანსი მომცა, მაგრამ ბარსას სტილის შესახებ ყველაფერი ვიცი და ვთვლი, რომ სალაჰისთვის „კამპ ნოუ“ ბევრად უკეთესი ვარიანტი იქნება.

თუ მოჰამედ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში თამაშის შანსს მიიღებს, რომელიც რა თქმა უნდა ლა ლიგაა, ხელშეკრულება „ბარსელონასთან“ უნდა გააფორმოს. მოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი გახდეს“.

სალაჰი ამჟამად აფრიკის ეროვნებათა თასის ჩემპიონობის დასასაკუთრებლად იბრძვის. მოჰამედმა და კომპანიამ პირველ შეხვედრაში ზიმბაბვე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მეორე მატჩს კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები