Aa
Aa

"მანჩესტერი" ერიქსენს უმიზნებს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასულ სეზონში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და კლუბის ხელმძღვანელობა არსებული პრობლემების გამოსწორებაზე აქტიურად მუშაობს. „წითელი ეშმაკები“ პირველ რიგში შემადგენლობის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულები და ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვა სურთ.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების ყურადღების ცენტრში ამჯერად „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი მოექცა. ამ უკანასკნელს „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბი“ მისით დაინტერესებული აღარ გახლავთ და პოლ პოგბაზეა კონცენტრირებული.

Mirror-ის ცნობით „ლოს ბლანკოსის“ უარმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხელ-ფეხი გაუხსნა და „წითელი ეშმაკები“ ერიქსენის ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ. „ოცნებათა თეატრების“ ბინადრებს მიზნის მისაღწევად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. იმავე Mirror-ის განცხადებით 27 წლის მოთამაშის საკუთარ რიგებში ხილვით ტურინის „იუვენტუსიცაა“ დაინტერესებული.

ერიქსენი უმაღლესი დონის ნახევარმცველი და „ტოტენჰემის“ ერთ-ერთი ლიდერია. „დეზები“ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს ითხოვენ და დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. დანიელი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავს და გუნდის მაისურით 66 გოლი აქვს გატანილი.

აქვე დავძენთ, რომ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის თანახმად „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს სურთ, რომ პოლ პოგბამ გუნდი დატოვოს. „იუნაიტედის“ მოთამაშეები ფრანგის ნიჭს არ აკნინებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ მან კარიერა აუცილებლად სხვა კლუბში უნდა გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები