''ჩელსის'' ერთგული ვილიანი: უარი შთამბეჭდავ შეთავაზებას
Aa
Aa

''ჩელსის'' ერთგული ვილიანი: უარი შთამბეჭდავ შეთავაზებას

ბრაზილიური esporte.uol.com-ის ვერსიით აზარისგან განსხვავებით ვილიანს ლონდონის ''ჩელსის'' დატოვება არ სურს. სამხრეთამერიკელმა ჩინური ''შანხაი შენხუას'' წინადადებას უარით უპასუხა, აზიელები ფეხბურთელს კვირაში ხელფასის სახით 230 000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობდნენ. 30 წლის შემტევმა მაღალშემოსავლიანი კონტრაქტის გაფორმებას პრემიერლიგის კლუბში დარჩენა ამჯობინა.

ლონდონის ''ჩელსი'' 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მეტწილად ერთწლიან კონტრაქტს უფორმებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისა და ევროპა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ ვილიანს გუნდში დარჩენა სურს. გარდა ამისა, ცხოვრებისეული კუთხითაც მოთამაშეს ოჯახის დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთში წაყვანა სწორი გადაწყვეტილება არ გონია. პირობები ხელფასის გარდა საცხოვრებელ სახლსა და დაქირავებული მძღოლებით ორი მანქანით მომსახურებას გულისხმობდა.

ჩინური კლუბის შეთავაზებამ ვილიანთან დაკავშირებით შედეგი არ გამოიღო, თუმცა ''უოტფორდის'' ყოფილი ფორვარდი ოდიონ იგალო აზიელთა შეთავაზებამ მოხიბლა და მიმდინარე წელს ''შანხაი შენხუას'' შემადგენლობაში ჩაირიცხა.

2018-19 წლების სეზონში ვილიანმა პრემიერლიგის 32 მატჩში მხოლოდ 3 გოლი შეაგდო.

მიმდინარე კოპა ამერიკაზე ვილიანს ''სელესაოში'' თამაშის საშუალება არ ეძლევა, მან მხოლოდ 6 წუთი გაატარა მინდორზე ბოლივიასთან შეხვედრაში, ვენესუელასთან კი მთელ მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები